ჩინელი მოვაჭრეები Temu-ს მაღალ ჯარიმებს აპროტესტებენ

ელექტრონული კომერციის იაფი პლატფორმა Temu-ს ასობით ჩინელი გამყიდველი კომპანიის ზედმეტად მაღალ ჯარიმებს აპროტესტებს. ინფორმაციას Report ავრცელებს.

აპრილში Temu-მ ჯარიმების ახალი სისტემა შემოიღო, რომელიც შესაძლოა, ნივთის ღირებულებას ხუთჯერ აღემატებოდეს, თუ მომხმარებელი მას უკან დააბრუნებს.

გამყიდველები აცხადებენ, რომ Temu-ს ახალი პრაქტიკა მოიცავს ჯარიმებს სხვადასხვა დარღვევისთვის, როგორიც არის, მაგალითად, არასწორი ტანსაცმლის ზომა. ამის გამო ბევრი გამყიდველი გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა ან იძულებული გახდა, ბიზნესი დაეხურა, ზოგიერთს კი უბრალოდ არ შეუძლია პლატფორმის დატოვება მუშახელისთვის მისაცემი ხელფასისა და საწყობებში საქონლის მარაგის გამო.

ცნობისთვის: Temu ჩინური საერთაშორისო ონლაინ საცალო მოვაჭრეა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში ჩაეშვა. ის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე უკვე კონკურირებს ისეთ კომპანიებთან, როგორიც, ასევე, ჩინური Shein და ამერიკული Amazon-ია. სწორედ Temu-სა და Shein-ისთან კონკურენციისთვის Amazon ჩინეთიდან საქონლის მიწოდების საკუთარი სერვისის შექმნას გეგმავს, რაც ივნისის ბოლოს გახდა ცნობილი. კერძოდ, კომპანია აშშ-ის მომხმარებლებს პროდუქციას პირდაპირ ჩინეთიდან 9-დან 11 დღეში მიაწვდის, მაშინ, როცა აქამდე საქონელი, რომელსაც ჩინელები Amazon-ის ამერიკელ მომხმარებლებზე ყიდდნენ, როგორც წესი, აშშ-ის საწყობებში შედიოდა.

The Wall Street Jornal-ის შეფასებით, Temu და Shein მყიდველებს დაბალი ფასებით იზიდავს. 27 ივნისს Temu აშშ-ში Apple Store-ის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთულ უფასო აპლიკაციად დასახელდა, ხოლო Shein-მა ამ რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ