ვასო ურუშაძე - ფაქტობრივად, საქართველო მაშველ რგოლად იქცა, რუსული სანქცირებული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის

ფაქტობრივად, საქართველო მაშველ რგოლად იქცა, რუსული სანქცირებული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, რითაც საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდა. ეს არის არასწორი პოლიტიკის მავნებლური გადაწყვეტილებების სამწუხარო შედეგი, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებით აუცილებლად გამოვასწორებთ, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა მდივანმა, ვასო ურუშაძემ, რუსეთში, საქართველოს გავლით სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით.

როგორც ურუშაძე განმარტავს, „როცა პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, ისინი ყველა პერსპექტივის რეალიზებას მოახდენენ“.

„საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გამოეყენებინა. დამატებითი სამუშაო ადგილები შეექმნა, დასავლური ინვესტიციების კომპანიები მოეზიდა, რომლებიც რუსეთის ბაზას ტოვებდნენ, დასავლური სანქციების გამო, მათთვის საქართველო შეეთავაზებინათ, როგორც პლატფორმა ბიზნესის საკეთებლად, რაც ჯამში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას გულისხმობდა და შექმნიდა ათი ათასობით მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილს. თუმცა, ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ყველანაირი პირობა შეუქმნა, გამოეყენებინა საქართველო სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ფაქტობრივად, საქართველო მაშველ რგოლად იქცა, რუსული სანქცირებული ტვირთების ტრანსპორტირებისთვის და ასევე დასავლური ტვირთების რუსეთში, ე.წ. პარალელური ექსპორტის ფარგლებში ტრანსპორტისთვის.

ჩვენ რუსეთის უკანა ეზო აღმოვჩნდით, რითაც საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდა, ეს სიკეთე საქართველოს მოქალაქეებმა ვერ იგრძნეს, არც მათ კეთილდღეობაზე ასახულა, არც დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნილა და არც ფასები შემცირებულა სხვადასხვა პროდუქციაზე. პირიქით, ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი რყევა საქართველოს ეკონომიკაში, რამაც კიდევ უფრო გააუარესა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ეს არის არასწორი პოლიტიკის მავნებლური გადაწყვეტილებების სამწუხარო შედეგი, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აუცილებლად გამოვასწორებთ, მაშინ როცა, პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, ახალი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ყველა იმ პერსპექტივის რეალიზებას მოვახდენთ, რაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის და შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გააჩნია“, - განაცხადა ურუშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.