„უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა.
სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, ხოლო კონტროვერსიული კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე “უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.”
სტანოს თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტების საქართველო ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული.”
“[საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ,” - განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.