ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოცანა შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ამ დერეფანში ერთ-ერთ მთავარ სატვირთო არტერიად გადაქცევაა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა, როვშან რუსტამოვმა “აზერტაჯთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი მონაცემებით, რკინიგზის 184-კილომეტრიანი საქართველოს მონაკვეთის გაფართოების სამუშაოები, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, 2023 წლიდან აქტიურად დაიწყო, ხოლო რეკონტრუქციის შემდეგ წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა. რკინიგზა ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ევროპაში და უკან, ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტით მიწოდებას მნიშვნელოვნად აჩქარებს.
“ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზების შედეგად აზერბაიანის რკინიგზა უკვე მზად არის საერთაშორისო კონკურენციისთვის ტვირთის გადაზიდვის სფეროში,” - აცხადებს რუსტამოვი.
მისი მონაცემებით, აზერბაიჯანის რკინიგზამ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ, რომლის ნაწილიც არის ბაქო-თბილი-ყარსი, 2023 წელს მთლიანობაში 6,8 მლნ ტონა სატრანზიტო ტვირთი გადაზიდა, მაშინ, როცა 2019 წელს ეს მოცულობა 3,8 მლნ ტონას შეადგენდა. ამასთან, 2023 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანის რკინიგზით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის მთლიანი მოცულობა 14%-ით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 10%-ით მეტი სატრანზიტო ტვირთი გადაიზიდა.
კერძოდ, პირველ ოთხ თვეში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ სულ 34 ბლოკის მატარებლით 6 319 TEU საკონტეინერო ტვირთი გადაიზიდა. აქედან 10 ბლოკის მატარებელი, ანუ 4 020 TEU კონტეინერი სატრანზიტო, ხოლო 24 ბლოკის მატარებელი, ანუ 2 299 TEU კონტეინერი იმპორტირებულ ტვირთი იყო. რაც შეეხება 2023 წელს, აზერბაიჯანის რკინიგზამ მთლიანობაში 105 265 TEU კონტეინერი გადაზიდა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 30%-ით მეტია.
ამასთან, იანვარში ჩინეთიდან შუა დერეფნის გასწვრივ პირველი მატარებლები გავიდა, საიდანაც 7 იმპორტირებული, ხოლო 3 სატრანზიტო იყო. სატრანზიტო საქონელი აზერბაიჯანის გავლით ჩინეთი-ყაზახეთის საზღვრიდან გადიოდა და საქართველოს პორტებს, საშუალოდ, 10 დღეში, ხოლო იმპორტირებული - 8 დღეში აღწევდა.
ცნობისთვის: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე მკაცრი კლიმატი ფიქსირდება, როცა ტემპერატურა ზოგჯერ 30 გრადუსამდე ნულს ქვემოთ ეცემა, ხოლო ზოგან ზღვის დონიდან 2 400 მეტრ სიმაღლეზე, არახელსაყრელი რელიეფია. 2022 წლის ბოლოს პროექტი ხელახლა შეფასდა და გაფართოების ახალი საპროექტო გეგმა მომზადდა. მოდერნიზების შედეგად რკინიგზის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდა. სამუშაოების ფარგლებში 61 კილომეტრი სარკინიგზო, 98 კილომეტრი საკონტაქტო ქსელის, 172 კილომეტრი 10 კვ მავთული და 338 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაიყვანეს. პარალელურად, 160 ათასი კუბურ მეტრ ნატეხი ქვის გამოყენებითა და სპეციალური ტექნიკის დახმარებით შეკეთდა გზა, ხოლო 120-კილომეტრიან მონაკვეთზე ბორდიურები დაიგო და 41-კილომეტრიანი საფეხმავლო და საავტომობილო გზები მოასფალტდა.
მოდერნიზებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა 20 მაისიდან განახლდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ