„კადრების პრობლემა სულ იყო და ასე მგონია, სულ იქნება“ - როგორც საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ეს პრობლემა ამჟამადაც აქტუალურია.
ალავერდაშვილის თქმით, სასტუმროების დატვირთულობა ივნისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით უფრო მაღალი იყო.
„დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვაქვს“ - განაცხადა მან.
ამასთან, როგორც ალავერდაშვილმა განაცხადა, თბილისში იკლო რუსი ტურისტების რაოდენობამ და ამ ეტაპზე ისინი აჭარაში არიან. ხოლო, რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას, თბილისში სასტუმროებში საკმაოდ ცოტა რუსი ფიქსირდება.
ჩვენთან საუბრისას, ფედერაციის დამფუძნებელმა კადრების პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის კვლავ მწვავედ დგას ამ სფეროში.
„კადრების პრობლემა კვლავ დიდ ადგილს იკავებს ამ სექტორში. ეს პრობლემა სულ იყო და ასე მგონია, სულ იქნება“ - აღნიშნა ალავერდაშვილმა.