ყაზახური ოპერატორი კომპანია, „ყაზტრანსოილი“ თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტს ივლისის 140,000 ტონიდან აგვისტოში 14%-ით, 120,000 ტონამდე შეამცირებს.
ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს კომპანიაში განუცხადეს.
მიზეზი თენგიზის მსხვილი საბადოს ოპერატორი კომპანია Tengizchevroil-ის (TCO) მიერ ივნისში დაანონსებული სარემონტო სამუშაოებია, რომელიც აგვისტოში არის დაგეგმილი. რემონტის დროს ექვსი ტექნოლოგიური ხაზიდან მხოლო ორი იმუშავებს.
ყაზახური ნავთობი ბთჯ-ის მილსადენს აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტამდე კასპიის ზღვის გავლით ტანკერებით მიეწოდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ამ მარშრუტზე ნავთობექსპორტი 701,200 ტონამდე გაიზარდა, მაშინ, როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მოცულობის ნახევარს ანუ 373, 100 ტონას შეადგენა.
ბთჯ-ის გავლით ნავთობის ექსპორტის მთლიანი მოცულობა იანვარ-ივნისში, წლიური თვალსაზრისით, 4%-ით, 15,025 მლნ ტონამდე გაიზარდა, საიდანაც ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტმა 2,455 მლნ ტონა შეადგინა.
ცნობისთვის: მარტში სახელმწიფო ჰოლდინგ „ყაზმუნაიგაზმა“ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ SOCAR-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის გავლით ბთჯ-ში ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 1,5 მილიონიდან 2,2 მლნ ტონამდე თანდათან გაიზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ