სად და რა ფასად ვყიდულობთ მწვანე ლობიოს, რომლის ფასიც წლიურად 44.3%-ით გაიზარდა

წელს ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებული პროდუქტი - მწვანე ლობიოა. სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში პროდუქტი 44,3%-ით გაძვირდა.

მონაცემების მიხედვით, წელს 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ან გაცივებული ლობიოს იმპორტი მცირედით გაზრდილია. საქსტატის მიხედვით, იანვარ-ივნისში (ივლისი ჯერ გამოქვეყნებული არ არის), 674 ტონა (382.5 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 639 ტონა (135.91 ათასი აშშ დოლარი).

სტატისტიკის თანახმად, გამოდის, წელს ლობიოს საიმპორტო ფასი, საშუალოდ, 57 ცენტი იყო, შარშან იგივე საანგარიშო პერიოდში - 21 ცენტი.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს (იანვარ-ივნისში) ახალი ან გაცივებული ლობიო შემოვიდა, მთავარი იმპორტიორი თურქეთია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 99,6% მოდის. უფრო კონკრეტულად, 672 ტონა (378.9 ათასი აშშ დოლარი).

დანარჩენი მცირე რაოდენობები კი შემდეგ ქვეყნებზე ნაწილდება: აზერბაიჯანი, ტაილანდი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდოეთი.

ნინი ქეთელაური