„უნდა დადგინდეს მინიმალური ხელფასი ყველა დასაქმებულისთვის და მინიმალური ხელფასი სექტორალურ დონეზე“

საქართველოში სულ უფრო აქტიურდება მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობით განსაზღვრის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების გაერთიანება წლებია სხვადასხვა ინიციატივებით, კვლევებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით ცდილობენ, ხელისუფლება მინიმალური ხელფასის 20-ლარიანი ზღვრის შეცვლაში დაარწმუმონ.

მეორე მხარეს არის ბიზნესი და ექსპერტების გარკეული ნაწილი, რომელიც მინიმალური ხელფასის განსაზღვრას მკაფიოდ ეწინააღმდეგიან და ირწმუნებიან, რომ ეს დასაქმების მაჩვენებელსა და დასაქმებულთა მდგომარეობას გააუარესებს.

თუ რატომ არის აუცილებელი ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობის დაწესება და როგორია ამის პერსპექტივები, ამ თემებზე „ბიზნესპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამების დირექტორი სალომე შუბლაძე ინტერვიუში ესაუბრა.

რა არის მინიმალური ხელფასის არსებობის მიზანი?

მინიმალური ხელფასი არის ანაზღაურების ის მინიმალური ოდენობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულ პირს კონკრეტულ პერიოდში შესრულებული სამუშაოსთვის. მინიმალური ხელფასის ოდენობა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დასაქმებულმა პირმა უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ღირსეული ცხოვრების საჭიროებები.

აღნიშნული საჭიროებები მოიცავს როგორც ცხოვრების ადეკვატურ პირობებს, მათ შორის, საკვებს, სანიტარულ პირობებს, საცხოვრებელს, ტანსაცმელს, სატრანსპორტო ხარჯებს, ასევე სხვა ძირითად სოციალურ უფლებებს, რაც აუცილებელია ადამიანის სოციალური კეთილდღეობისა და ღირსეული არსებობისათვის, მათ შორის, სოციალურ უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, განათლებას, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.

მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით რამდენ ქვეყანაში მოქმედებს განსაზღვრული მინიმალური ხელფასი, როგორია საუკეთესო პრაქტიკა?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2015 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების 90%-ზე მეტში (2015 წლის მონაცემებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოდგენილი იყო 186 წევრი სახელმწიფო) მოქმედებს ერთი ან მეტი მინიმალური ხელფასი, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით ან კოლექტიური შეთანხმებებით.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებში მოქმედი მინიმალური ხელფასი ფარავს მუშაკების ყველა კატეგორიას ან იმას, რომ მინიმალური ხელფასის დონე არის სათანადო. ეს სტატისტიკა უბრალოდ იმის მაჩვენებელია, რომ მინიმალურ ხელფასს იყენებს მსოფლიო ქვეყნების დიდი უმრავლესობა. მინიმალური ხელფასის წარმატებული რეგულირებისათვის მიზანშეწონილი იქნება მინიმალური ხელფასის სისტემის ისეთი მოდელის გამოყენება, რომ სათანადო დონის მინიმალური ხელფასი გავრცელდეს ქვეყანაში დასაქმებულ ყველა მუშაკზე.

გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტისა და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის რეკომენდაციების თანახმად, მინიმალური ხელფასის სისტემამ უნდა მოიცვას ყველა მუშაკი, მიუხედავად კონტრაქტის სახეობისა, დასაქმების სექტორისა, დასაქმების ფორმისა და სამუშაო საათების გრაფიკისა.

მსგავსი სისტემის განსავითარებლად ყველაზე უპრიანი იქნება შერეული ტიპის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, კერძოდ, ერთის მხრივ, მინიმალური ხელფასის კანონმდებლობით დადგენა საერთოეროვნულ დონეზე, რომელიც გავრცელდება ქვეყანაში დასაქმებული ყველა პირის მიმართ და მეორეს მხრივ, მინიმალური ხელფასის დადგენა სექტორალურ დონეზე, რათა კონკრეტულ პროფესიებში, მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, განისაზღვროს შედარებით მაღალი მინიმალური ხელფასი. სექტორალურ დონეზე მინიმალური ხელფასის დადგენა შესაძლებელია მოხდეს კანონმდებლობით ან/და კოლექტიური შეთანხმებებით, იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივი ტრადიციები და გამოცდილება არსებობს კონკრეტულ ქვეყანაში მსგავს საკითხებზე მუშაობისას.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროცესი უნდა წარიმართოს დასაქმებული პირებისა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით და მინიმალური ხელფასის რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტურად აღსასრულებლად შემუშავდეს ზედამხედველობისა და ინსპექტირების სათანადო მექანიზმები.

საქართველოში პროფკავშირების მხრიდან საუბარია მინიმალური ხელფასის 720 ლარით განსაზღვრაზე, ემხრობით ასეთ ზღვარს?

მინიმალური ხელფასის ოდენობის გამოთვლის მეთოდოლოგია უნდა ეფუძნებოდეს მშრომელების საჭიროებებს და პასუხობდეს უფლებრივ სტანდარტებს. ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტრუმენტები მოითხოვს, რომ მინიმალური ხელფასი ღირსეული ცხოვრების საჭიროებების დაკმაყოფილებას უნდა ისახავდეს მიზნად, რაც უფრო მეტია ვიდრე საბაზისო საარსებო საჭიროებები და მოიცავს სოციალური კეთილდღეობის, მათ შორის, სოციალური უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურულ და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საჭიროებებს. ჩვენთვის ნათელი არ არის, რამდენად უზრუნველყოფს პროფკავშირის მიერ შემოთავაზებული ოდენობა ამ საჭიროებებს და, რაც მთავარია, მისი გამოთვლისას მხედველობაში იყო თუ არა მიღებული ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი რესურსების მოცულობა.

გარდა ამისა, მინიმალური ხელფასის საწყისი დონის განსასაზღვრად აუცილებელია რეგულირების გავლენის შეფასება, რაც მოიცავს მინიმალური ხელფასის სხვადასხვა სცენარების ანალიზს ქვეყნის ეკონომიკაზე მათი ზეგავლენის კუთხით. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ისეთი ფუნდამენტური საკითხების განხილვისას, როგორიც მინიმალური ხელფასია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურად ფართო ჩართულობა და მონაწილეობა. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ მშრომელთა თვითორგანიზებულ ჯგუფებს, დარგობრივ პროფკავშირებს, შრომით უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.

ბიზნეს ასოციაცია და ეკონომისტების ერთი ნაწილი მხარს არ უჭერს მინიმალური ხელფასის განსაზღვრას და აცხადებენ, რომ ეს გააუარესებს დასაქმების მაჩვენებელს, რას უპასუხებდით მათ?

ბიზნეს ორგანიზაციები და ასოციაციები, როგორც წესი, ეწინააღმდეგებიან შრომითი კანონმდებლობის დახვეწას თუ ახალი რეგულაციების შემოღებას. ასე იყო შრომის რეფორმის შემთხვევაში, რომელმაც, მათ შორის, სამუშაო ადგილას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი მოთხოვნები შემოიღო. პრინციპში ბუნებრივია, რომ ბიზნეს ასოციაციები ეწინააღმდეგებიან ყველაფერს იმას, რამაც შეიძლება მათი ხარჯი გაზარდოს. თუმცა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს საჯარო ინტერესის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სამართლიანი და ღირსეული ანაზღაურება.

რაც შეეხება რეგულირების გავლენას ეკონომიკაზე, ეს საკითხი საჭიროებს სპეციალისტების მიერ შესწავლას და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ არგუმენტებს. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ჩვენც ვემხრობით რეგულირების ზეგავლენის შეფასებას ვიდრე ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

და ბოლოს, როგორ ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი ადეკვატური ოდენობის გახდეს?

მოცემულ პოლიტიკურ ლანდშაფტში, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სიღარიბე, სოციალური მოწყვლადობა, დაბალი ანაზღაურება, ინფლაცია და სხვა, როგორც წესი, არ ხვდება პოლიტიკური აქტორების დღის წესრიგში და რეალური განხილვის საგანი. მიგვაჩნია, რომ მცირეა იმის შანსები, რომ ამ მიმართულებით პროგრესული ნაბიჯები გადაიდგას.

თუმცა, მომავალი არჩევნები შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ მიმართულებით. ძალაუფლების განაწილების და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, უნდა გავაძლიეროთ ადვოკატირება სოციალურ საკითხებზე და იმედი ვიქონიოთ, რომ მოსახლეობის რეალური საჭიროება უფრო მეტად მოხვდება პოლიტიკური მოთამაშეების ყურადღების არეალში.

ნათია ზარიძე