ამერიკულმა მუსიკალურმა ჯგუფმა Aerosmith-მა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ აუქმებს ტურნეს ვოკალისტ სტივენ ტაილერის ვოკალური პრობლემების გამო.
,,როგორც მოგეხსენებათ, სტივენის ხმა უნიკალური ინსტრუმენტია. ის თვეების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა, რათა აღედგინა ხმა ისეთად, როგორიც იყო დაზიანებამდე. ჩვენ ვნახეთ, რომ ის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას გარშემო საუკეთესო გუნდი ჰყავდა, სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ზიანის სრული აღდგენა შეუძლებელია“, - ნათქვამია ჯგუფის ვებსაიტზე.
გადაწყვეტილების შესაბამისად, Peace Out გამოსამშვიდობებელი ტურის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.
,,აეროსმიტმა'' საკონცერტო კარიერა 1970 წელს დაიწყო. ჯგუფს აქვს ოთხი გრემის ჯილდო. 2001 წელს იგი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.