როგორია ძველი და ახალი ბინების ფასი თბილისში

„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში დედაქალაქში უფრო მეტი ძველი ბინა გაიყიდა, ვიდრე ახალი. უფრო კონკრეტულად, თბილისში ივნისში სულ გაყიდულია 621 ახალი და 2 282 ძველი საცხოვრებელი ბინა.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ კვლევის მიხედვით, ახალი ბინის გაყიდვები წლიურად 22%-ით, ხოლო ძველი ბინის 20%-ით არის შემცირებული.

„საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წინა წელთან შედარებით 1.8%- ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინებისთვის 1.5%-ით გაიზარდა. 2024 წლის მაისთან შედარებით ფასები თითქმის უცვლელი დარჩა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისში 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საშუალო შეწონილი ფასი ახალ პროექტებში 1 027 დოლარს შეადგენდა, ძველში კი 1 238 დოლარს.

screenshot-2024-08-03-181923-1722750606.jpg

„2024 წლის ივნისში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვებმა მთლიან ტრანზაქციებში კვლავ ყველაზე დიდი წილი დაიკავა (43%). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა. ამავე პერიოდში, მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 22%-ს მიაღწია და წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.

მერი ტაბატაძე