„მიკავშირდებიან და პარტნიორობას მთავაზობენ“ - საქართველოში 200-ზე მეტი რუსული უძრავი ქონების სააგენტოა

საქართველოში 217 სრულად ან ნაწილობრივ რუსული კაპიტალით შექმნილი უძრავი ქონების სააგენტოა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა.

ზოგადად, კი, ქვეყანაში ჯამში 37 900-ზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ რუსული კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული კომპანიაა. ამასთან, წელს მხოლოდ 6 თვეში 4 064 ასეთი კომპანია დარეგისტრირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ტოპ-3 სექტორში, სადაც ყველაზე მეტი რუსული კაპიტალია, ლიდერობს კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები, რომელზეც რეგისტრირებული კომპანიების 26% მოდის, კერძოდ, 10 081 ბიზნეს სუბიექტი; შემდეგია საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები - დაახლოებით 14%-ით (5 658 კომპანია) და საცალო ვაჭრობა 2,7%-ით (1 013 კომპანია).

მართალია, რაოდენობის მიხედვით, უძრავი ქონების სააგენტოები, ტოპ-ში 10-შიც კი ვერ მოხვდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ბაზარზე სულ რეგისტრირებულია 8 118 კომპანია, რომელთა საქმიანობაც უძრავ ქონებასთანაა დაკავშირებული, საიდანაც 3% რუსული კაპიტალითაა შექმნილი.

უძრავი ქონების აგენტი ტატო ტარიელაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტებს ნამდვილად აწუხებთ. მისი თქმით, პირადად მის შემთხვევაში, უცხოელები უკავშირდებიან და საქმიანობაში პარტნიორობას სთავაზობენ.

„ეს პრობლემა ნამდვილად არის და ძალიან გვიშლის ხელს. მომმართავენ ხოლმე, თანამშრომლობას მთავაზობენ. მსგავსი წინადადებები არის როგორც რუსეთის, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, მაგალითად, ირანელების, ინდოელების. მე ექსკლუზივ ბინებზე ვმუშაობ და ზოგადად, არავისთან ვთანამშრომლობ, თუმცა მათი მხრიდან შემოთავაზებები არის, რომ გაქირავების კუთხით პარტნიორები ვიყოთ.

რაც შეეხება მათ გააქტიურებას, ძირითადად მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარეობს. როცა არის მოთხოვნა, ისინიც აქტიურდებიან,“- ამბობს ტატო ტარიელაშვილი.

ნინი ქეთელაური