„კანონის აბსურდულობას ერთ თვეში ვიხილავთ - შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რისკი შეიქმნას“

1-ლი აგვისტოდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის ასახვა. ასევე, განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.

ამ კანონის ამოქმედებისა და შესაძლო შედეგების შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. როგორც ცნობილია, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კანონს არ დაემორჩილება და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდება.

თუმცა, იურისტის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, კანონი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. მისი განმარტებით, ორგანიზაციათა დაჯარიმება გაგრძელდება მანამ, სანამ სიტუაცია არ „გამოსწორდება“. მეტიც, როგორც იურისტი აცხადებს, ამ კანონით იუსტიციის სამინისტრო უფლება აქვს, რომ ორგანიზაციები მათი ნების წინააღმდეგ დაარეგისტრიროს რეესტრში.

მისი შეფასებით, ორგანიზაციებს ამ რეგისტრაციის ვალდებულებისგან ლიკვიდაციაც კი ვერ დაიცავს.

„ორგანიზაციის გაუქმების თანხმობა ისევ სახელმწიფომ უნდა გასცეს. ამ შემთხვევაში რეესტრი უგზავნის მოთხოვნას შემოსავლებს, რომელმაც ფინანსური საკითხი უნდა შეისწავლოს და საბოლოოდ შესაძლოა გამოიკვეთოს, რომ ორგანიზაცია დასარეგისტრირებელია აგენტად, აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები და საბოლოოდ, ეს პროცესი შესაძლოა, უსასრულოდ გაიწელოს ან ლიკვიდაციის პროცესი ვერც ვერასოდეს დასრულდეს,“ - განაცხადა იურისტმა.

ნიკა სიმონიშვილმა იმ ორგანიზაციებზეც ისაუბრა, რომლებსაც გრანტების მიღების რამდენიმეწლიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

„იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას გრანტების რამდენიმეწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ყველაფერი უფრო რთულადაა. კანონი ისე არის მორგებული რეალობას, რომ ამ შემთხვევაში, ასეთ ორგანიზაციებს გამოსავალი არ დაუტოვეს, თუმცა არის გარკვეული შესაძლებლობები, რომ ორგანიზაციებმა სხვანაირად წარმართონ მუშაობის სპეციფიკა. მაგრამ უკვე არსებულ პროექტებთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და კანონის თავის არიდებით საკმაოდ რთული იქნება მუშაობის გაგრძელება. შესაძლოა, გაკოტრების პროცესამდეც მივიდეს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის რისკიც კი შეიქმნას. კანონის სრულ აბსურდულობას ერთ თვეში, 1-ლი სექტემბრიდან ვიხილავთ, როდესაც რეგისტრაციის ვადა ამოიწურება და სახელმწიფო მოქმედებაზე გადავა,“ - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი