ავსტრიის მმართველ კოალიციას ქვეყნის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში 2027 წლისთვის რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება შეაქვს.
ინფორმაციას გაზეთი Kurier ავრცელებს.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ავსტრია რუსულ გაზზე უარს ამბობს, არის ის, რომ მოსკოვის საწვავის გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად გამოიყენება.
ავსტრიის მთავრობა, ასევე, მიიჩნევს, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება ავსტრიის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.
ბოლო მონაცემებით, რუსული ბუნებრივი აირი ავსტრიის მილსადენებში არსებული გაზის მთლიანი მოცულობის 80-90%-ს შეადგენს, ხოლო “გაზპრომისთვის” გასულ წელს ვენის მიერ გადარიცხული თანხა შესაძლოა, 4 მლრდ ევროს შეადგენდეს.
ნავთობისა და გაზის ავსტრიულ კომპანია OMV-სა და “გაზპრომს” შორის ხელშეკრულება 2040 წლამდე არის ძალაში. თუმცა თებერვალში ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრ ლეონორ ჰევესლერმა განაცხადა, რომ მთავრობა გრძელვადიანი კონტრაქტის შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ასევე, კომპანია OMV-მ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, არარუსული წყაროებიდან ავსტრიელი მომხმარებლებისთვის გაზის 100%-იან მიწოდებას შეძლებს, მაგრამ რუსულ საწვავზე უარის თქმისთვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზა აუნდა შეიქმნას.
ცნობისთვის: ევროკომისიის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროპაში რუსული გაზის მიწოდება ხუთჯერ შემცირდა და 1970-იანი წლების დონეს მიაღწია, ხოლო “გაზპრომის” წილი ევროპულ ბაზარზე სამჯერ, 45%-დან 15%-მდე დაეცა.
წელს რუსული გაზის მილსადენებით მიღებას ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთი, სლოვაკეთი და ავსტრია განაგრძობენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ