მთავრობამ შავი ზღვის ფსკერის კვლევაზე განკარგულება გამოსცა - მიზანი წყალქვეშა კაბელის პროექტის დროულად განვითარებაა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ მთავრობამ განკარგულება გამოსცა. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დოკუმენტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შავი ზღვის ფსკერის კვლევების (გეოფიზიკური, გეოტექნიკური, ეკოლოგიური) შეუფერხებლად და დროულად განხორციელებისთვის უნდა წარადგინოს კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო ტერიტორიაზე შესაბამისი კვლევების განხორციელებას.

ამასთან, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მას შემდეგ, რაც ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები შესრულდება, შავი ზღვის ფსკერის კვლევებისთვის საჭირო სატენდერო პროცედურების ორგანიზება გონივრულ ვადაში უნდა განახორციელოს. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა კი ელექტროსისტემას პროექტის განხორციელების საკითხებში მხარი უნდა დაუჭირონ.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.

მერი ტაბატაძე