„მგონია, რომ დაფინანსება არ შეწყდება - ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის ბოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია“

„ვფიქრობ, რომ ამ კვირაში გაირკვევა ყველაფერი. მე მაინც მგონია, რომ დაფინანსება არ შეწყდება, მხოლოდ რაღაც პერიოდზე იქნება საუბარი,“ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიის გარშემო გაჩენილ ვარაუდებს ეხმიანება.

როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, იმედოვნებს, რომ მთავარი პარტნიორი თანამშრომლობას არ შეწყვეტს.

„ვფიქრობ, რომ ამ კვირაში გაირკვევა ყველაფერი. მე მაინც მგონია, რომ დაფინანსება არ შეწყდება, მხოლოდ რაღაც პერიოდზე იქნება საუბარი. არა მგონია, რომ ჩვენმა მთავარმა პარტნიორმა გაწყვიტოს ურთიერთობა, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის სფეროში. ხოლო თუ მსგავსი გადაწყვეტილება მაინც მიღებულია, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. იმდენად ფინანსურ ნაწილს არ ვუსვამ ხაზს, რამდენადაც იმას, რომ ამ პარტნიორული ურთიერთობის შეჩერება ჩვენთვის ძალიან რთული იქნება.

ლუგარის ლაბორატორია არის ქვეყნის საგანძური. იქ ინახება ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა საშიში ინფექციის შტამი, რომელზეც მიდის დაკვირვება და კვლევები, რომ რამე არ გამოგვეპაროს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხე გამოჩნდება. ის არის ქვეყნის ბოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში რამდენიმე დღეა გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორიას ამერიკა ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს.

ეკა დარჩიაშვილი