წყალტუბოს სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ ისევ ვერ გაიყიდა

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ ისევ ვერ გაიყიდა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სანატორიუმები გასაყიდად 22 ივლისს კიდევ ერთხელ გამოიტანა, აუქციონი დღეს დასრულდა, თუმცა შეძენის ინტერესი არავის გამოუხატავს.

კერძოდ, „იმერეთი“ აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდებოდა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოწყობილიყო, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

ამასთან, აუქციონზე 3 124 500 ლარად ყიდდნენ „რკინიგზელს“. პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მინიმუმ 80-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსის მოწყობა იყო განსაზღვრული, რისთვისაც ინვესტიციის ოდენობა 9 373 500 ლარი უნდა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ სააგენტომ აღნიშნული სანატორიუმები აუქციონზე გასაყიდად მიმდინარე წლის ივნისშიც გამოიტანა, თუმცა აუქციონი მაშინაც ვერ შედგა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ის იყო, რომ შესყიდვის სურვილი არავის გამოუხატავს.

ცნობისთვის, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები - „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი გრძელდება.

მერი ტაბატაძე