„ბევრ ფერმერს აღარ უღირს მოსავლის აღება“ - საქართველოში სეზონური ხილ-ბოსტნეული 25-44%-მდე გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში სეზონური ხილი და ბოსტნეული საქართველოში 25-დან 44%-მდე გაძვირდა. ინფორმაციას EastFruit კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაიზარდა როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასები.

EastFruit-ს ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად შემდეგი პროდუქტების ფასმა მოიმატა:

  • მწვანე ლობიო - ფასი წლიურად 44,2%-ით გაიზარდა;
  • საზამთრო - ფასი წლიურად 39%-ით გაიზარდა;
  • ვაშლი - ფასი წლიურად 33,8% -ით გაიზარდა;
  • ნიორი - ფასი წლიურად 31,8%-ით გაიზარდა;
  • ბადრიჯანი - ფასი წლიურად 30,5%-ით გაიზარდა;
  • ჭარხალი - ფასი წლიურად 29,2%-ით გაიზარდა;
  • მანდარინი - ფასი წლიურად 25,5%-ით გაიზარდა;
  • კიტრი - ფასი წლიურად 25%-ით გაიზარდა;
  • ატამი - ფასი წლიურად 24,5%-ით გაიზარდა.

ანალიტიკოს ვახტანგ მგელაძის შეფასებით, ფასების ზრდა როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ მიზეზებთანაა დაკავშირებული.

„სუბიექტურ ფაქტორებს მიეკუთვნება ქსელურ მაღაზიებს, დისტრიბურებსა და საბითუმოებს შორის დადებული კარტელური გარიგებები. ისინი არამარტო ზრდიან ფასებს, არამედ მწარმოებლების პროდუქტებს საბოლოო მომხმარებლებამდე მისვლაში ხელს უშლიან. აღსანიშნავია ქართული ეკონომიკის მდგომარეობაც და ბანკების პროცენტების მოცულობაც - პანდემიის დასრულების შემდეგ ბანკების მოგება გასამმაგდა.

რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს, ის დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციასთან, ასევე შიდა ბაზარზე თვითღირებულების ზრდასთანაც. პანდემიის შემდეგ ცხოვრების ღირებულება ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილია.

ამ პირობებში ბევრ ფერმერს უბრალოდ აღარ უღირს მოსავლის აღება. შედეგად, პროდუქციის მოცულობამ იკლო, რაც ფასებზეც აისახა. ამიტომ ისეთი სეზონური ხილიც კი, როგორიცაა ქლიავი, ვაშლი და ატამი, გაძვირდა. რაღაც მომენტში მათი დაკრეფაც კი აღარავის აწყობს,“ - აღნიშნავს ექსპერტი.

„შემოსავალი არ მატულობს ისეთი ტემპით, როგორც ცხოვრება ძვირდება, ეს ყველაფერი კი ნეგატიურ სოციალურ ფონს ქმნის. ამასთან, გაძვირებასთან ერთად კლებულობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. საბოლოოდ, გაძვირებული ფასები ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზეც ნეგატიურად აისახება და ჩნდება ერთგვარი მოჯადოებული წრე. ამ ყველაფრისთვის წერტილის დასმაც შეიძლება, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, რათა შექმნილი სისტემის რყევა შესაძლებელი გახდეს,“ - აღნიშნავს ვახტანგ მგელაძე.

წყარო: EastFruit

ეკა დარჩიაშვილი