„ავარიების დიდი წილი ახალბედა მძღოლებზე მოდის - უცხოეთში ახალბედა მძღოლებს 2 წელი უფრო მეტი შეზღუდვები აქვთ“

„საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დიდი ნაწილი ახალბედა მძღოლებზე მოდის“,- ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ გელა კვაშილავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტით, როდესაც იღებ მართვის მოწმობას, 2 წელი უფრო მეტი შეზღუდვები გაქვს გადაადგილებისას, რადგან დამწყები მძღოლები უფრო დიდი რისკის მატარებლები არიან.

“მართვის მოწმობის აღებისას აქცენტი უფრო მეტად თეორიულ ნაწილზე იყო და ამ დროს, პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დიდი ნაწილი ახალბედა მძღოლებზე მოდის. ზოგიერთ ქვეყანაში არის ასეთი მიდგომა, რომ როდესაც იღებ მართვის მოწმობას, პირველი 2 წელი უფრო მეტი შეზღუდვები გაქვს გადაადგილებისას. ევროპული პრაქტიკა ასეთია. მაგალითად, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, იგივე ალკოჰოლთან მიმართებით, ჩვენთან ხომ არის დაშვებული რაღაც ოდენობით, ახალბედას არ შეუძლია საერთოდ მისი მიღება. ანუ, 2 წელი საჭიროა იმისთვის, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით მიეჩვიოს მოძრაობას“,- ამბობს გელა კვაშილავა.

კითხვაზე, საქართველოშიც მსგავსი შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს თუ არა, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე ამბობს: „ვინც აიღებს მართვის მოწმობას, უფრო დაკვირვების რეჟიმშია და თუ კარგად გაივლის ამ პრაქტიკას, მერე ჩვეულებრივ გააგრძელებს, სხვა მძღოლების მსგავსად. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ახალბედების შემთხვევაში უფრო მეტი რისკია. ბევრი ქვეყნის გამოცდილება ასეთია“.

ნინი ქეთელაური