ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩა N5-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე სამუშაოებს შპს „გელოვანი დიველოფმენთი“ აწარმოებს.
დავინტერესდით, ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანია. სამეწარმეო რეესტრში არსებული მონაცემების თანახმად, კომპანია 2022 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი დიმიტრი ადამიაა. „გელოვანი დიველოფმენთის“ წილებს ორი კომპანია ინაწილებს: შპს „ევრო ქონსთრაქშენი“ (70%) და შპს „ბი ჯი“ (30%).
მეწილეებიდან ერთ-ერთი - „ევრო ქონსთრაქშენი“ 2015 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ვაჟა მინაშვილია, წილებს კი სრულად შპს „თრასთ კაპიტალ 2024“ განკარგავს. „თრასთ კაპიტალ 2024“-ის მეწილეები კი ზემოთ ხსენებული ვაჟა მინაშვილი და დიმიტრი ადამია არიან.
რაც შეეხება „გელოვანი დიველოფმენთის“ მეორე მეწილეს, შპს „ბი ჯი“-ს, რეესტრში 2009 წელს არის რეგისტრირებული. მეწილეები ბიძინა (75%) და იოსებ გიორგაძეები (25%) არიან. დირექტორად კი იოსებ გიორგაძე ფიქსირდება.
ცნობისთვის, ფერდზე ნაპარალების გაჩენის გამო, ადგილზე სამუშაოები დროებით შეჩერებულია. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიას დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება დაევალა.
იხილეთ ასევე: მუნიციპალურმა ინსპექციამ შესწავლა დაიწყო - რას აცხადებენ მერიაში ვაშლიჯვარში გაჩენილ ნაპრალებზე?