„300 ათასამდე ავტომობილი უბრალოდ გაჩერებულია ქვეყანაში - უტილიზაციის პროგრამა არ არსებობს“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1.7 მლნ-მდე ავტომობილია რეგისტრირებული, თუმცა ამათგან, რამდენია ჯართად ქცეული, ან უბრალოდ გაჩერებული, უცნობია.

როგორც „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანაში არ არსებობს უტილიზაციის პროგრამა, შესაბამისად, აღრიცხული ავტომობილებიდან, რეალურად რამდენი გადაადგილდება, ამის დადგენაც რთულია.

გელა კვაშილავას ინფორმაციით, დაახლოებით, 300-მდე ავტომობილია გაჩერებულია, რაც არა მხოლოდ სხვა ავტომობილების მოძრაობას, არამედ ზუსტი სტატისტიკის წარმოებასაც აფერხებს.

„ქვეყანაში 1.7 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული და ამ დროს, უტილიზაციის პროგრამა არ არსებობს. ეს პროგრამა აუცილებლად უნდა შეიქმნას, იმიტომ, რომ, აღრიცხული ავტომობილებიდან, რამდენია მოქმედი, ზუსტი მონაცემი არ გვაქვს. ეს პროგრამა ზუსტად იმისთვისაა კარგი, რომ ვიცოდეთ, რეალურად ავტომობილების რა რაოდენობა გადაადგილდება. რამდენიმე ასეულ ათასი ავტომობილი (სავარაუდოდ, 200-300 ათას ავტომობილზეა საუბარი) უბრალოდ გაჩერებულია. უტილიზაციის პროგრამა ნიშნავს იმას, რომ რაღაც თანხას უხდის სახელმწიფო, ან რაღაცას აძლევს ისეთს, რაც სტიმულს აძლევს მოქალაქეს, დაარეგისტრიროს მანქანა ჩამოწერილებში, ან ჩააბაროს.

ამაზე პარლამენტშიც იყო განხილვები, დოკუმენტიც შეიქმნა, იმიტომ, რომ როგორც ცნობილია, საქართველოში ავტომობილების დიდი რაოდენობა 20 წელს ზემოთ არის (დაახლოებით ნახევარი), მაგრამ ზუსტად არ ვიცით, იქიდან რამდენი გადაადგილდება. შესაბამისად, აუცილებელია რაღაც პროგრამა არსებობდეს. ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპაშიც იციან, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ გადაჭრა. გარდა იმისა, რომ ამ საკითხის მოუგვარებლობა მონაცემების დაზუსტებაზეც პრობლემებს ქმნის, ანალიზის დროს, ქუჩებში მოძრაობასაც აფერხებს.

სახელმწიფომ უნდა გადადგას რაღაც ქმედითი ნაბიჯი. ეს თემა ტექნიკურ ინსპექტირებაზეც პრობლემას ქმნის. რეგისტრირებული რამდენი მანქანა გადის და რამდენი არა, ანალიზის დროს ზუსტი სურათი არ იქმნება,“- ამბობს გელა კვაშილავა.

ნინი ქეთელაური