ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე გლობალური მოთხოვნა კვლავ ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა მეორე კვარტალში შენელდა, განაცხადა Saudi Aramco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ამინ ნასერმა ინვესტორებისთვის გამართულ ტელეკონფერენციაზე.
მისი თქმით, აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი სექტორი თითქმის მაქსიმალური სიმძლავრით - დაახლოებით 93%-ით მუშაობს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
„ამ წლის მეორე ნახევარში ჩვენ ველოდებით ნავთობზე მოთხოვნის შემდგომ ზრდას, ზოგიერთი პროგნოზით ვარაუდობენ, რომ საავიაციო სექტორიდან და ნავთობქიმიური პროდუქტებიდან მოთხოვნა დღეში 1,6-2 მილიონი ბარელით გაიზრდება“, - დასძინა Saudi Aramco-ს ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ 2024 წლის ბოლოს გლობალური მოთხოვნა ნავთობზე, სავარაუდოდ, მიაღწევს 104,7 მილიონ ბარელს დღეში.
Saudi Aramco-ს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მეორე კვარტალში დაფიქსირებული სუსტი გადამუშავების მარჟა მოკლევადიანი ფენომენია და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გადამუშავების მარჟა ძალიან ძლიერი უნდა იყოს.
მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის ზრდის ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.