ანაკლიის პორტის მშენებარე Jan de Nul ყაზახეთის პორტებშიც შედის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.

ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიური კომპანია Jan de Nul ყაზახეთშიც შედის. კერძოდ, Jan De Nul Group ყაზახეთის კურიკის პორტში ფსკერგაღრმავებით სამუშაოებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში შეასრულებს. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც Trend ავრცელებს.

კომპანიასთან EPC-კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ფსკერგაღრმავებითი სამუშაოების შესრულებას დაპროექტებიდან ე.წ. გასაღების ჩაბარებამდე ითვალისწინებს. ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, პორტის ფსკერის გაღრმავება ტერმინალის სიმძლავრეს გაზრდის.

„ეს სამუშაოები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში განხორციელებული ყოვლისმომცველი ღონისძიებების ნაწილია, რაც შესაძლებელს გახდის ამ მარშრუტით საქონლის ტრანსპორტირების მზარდი საჭიროებების მომსახურებას,” - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ანალოგიური სამუშაოები აქტაუს პორტშიც შესრულდება. ამჟამად კურიკის პორტის გამტარუნარიანობა 6 მლნ ტონაა, საიდანაც რკინიგზის ტერმინალის წილი 4 მილიონი, ხოლო საავტომობილო ტერმინალის წილი 2 მლნ ტონაა. პორტს, ასევე, 250 სატვირთო მანქანის ერთდროულად შენახვის რესურსი აქვს.

შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის ქვეყნების საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ერთმანეთთან ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით აკავშირებს. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან აკავშირებს.

შუა დერეფნით ჩინეთიდან თურქეთამდე, ასევე, ევროპის ქვეყნებში და უკან ტვირთის გადაზიდვა სულ უფრო იზრდება. დერეფნის გასწვრივ გამავალ ბლოკის მატარებელს ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი, საშუალოდ, 20-25 დღეში ჩააქვს, რაც ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

ცნობისთვის: Jan De Nul ბელგიური საოჯახო კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც ლუქსემბურგშია. კომპანია, საერთაშორისო საფუძველზე საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს. საზღვაო ინჟინერიის სხვა სფეროებთან ერთად, მისი ძირითადი მიმართულება დრენაჟი და წყლის სიღრმის გაზრდაა, რაც მისი ბრუნვის 85%-ს შეადგენს. საქმიანობის სხვა სფეროები სამოქალაქო ინჟინერიასა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიას მოიცავს. კომპანია 75 ხომალდისგან შემდგარ ფლოტს ფლობს. 2022 წლის ბოლოს Jan De Nul Group-ს 7 178 თანამშრომელი ჰყავდა, ხოლო კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 2.5 მლრდ ევრო შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ