შეერთებულმა შტატებმა რუსული საქონლის შესყიდვა 1996 წლის დონეზე შეამცირა

აშშ-მა ივნისში 186.7 მლნ დოლარის რუსული საქონელი შეიძინა, რაც 1996 წლის იანვრის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. მაშინ ეს ოდენობა 183.5 მლნ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ აშშ-ის სტატისტიკური მონაცემების სამთავრობო სააგენტო Census Bureau-ს მონაცემებში წერია, რასაც The Moscow Times-ი ავრცელებს.

შეერთებულ შტატებში რუსეთის ფედერაციიდან პროდუქციის იმპორტი ივნისში, მაისის 438.7 მლნ დოლარის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის, 2,5-ჯერ შემცირდა, მაშინ, როცა მაისის მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ ექვსი თვეში რეკორდული იყო. მთლიანობაში, წლის პირველ ნახევარში რუსეთმა შეერთებულ შტატებს 1.88 მლრდ დოლარის ღირებულების საქონელი მიჰყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2.85 მლრდ დოლარი) ერთნახევარჯერ ნაკლებია.

შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში 233.9 მლნ დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 328.7 მლნ დოლარს შეადგენდა. მხოლოდ ივნისში რუსეთის ფედერაციამ 42.3 მლნ დოლარის, მაისში კი 48 მლნ დოლარის ამერიკული საქონელი მიიღო.

ცნობისთვის, 2021 წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 36 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2021 წლის შედეგებით, შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეხუთე ადგილზე იყო.

2022 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონმა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ბრილიანტების, ასევე, ზღვის პროდუქტების აშშ-ის ტერიტორიაზე იმპორტი აკრძალა. რამდენიმე თვის შემდეგ აშშ-მ ფოლადზე, ალუმინის ზოგიერთ ნაწარმზე, რეზინაზე, ხეზე და სხვა რუსულ საქონელზე 35%-იანი საიმპორტო ბარიერი დააწესა, რის შემდეგაც რუსეთის შავი ლითონის იმპორტი შეერთებულ შტატებში, თითქმის, ნულამდე დაეცა. თუმცა სანქციები ბირთვულ საწვავს, მინერალურ სასუქებსა და პლატინის ჯგუფის ლითონს ჯერ არ ეხება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ