საზღვაო ტრანსპორტირების დანიური ჯგუფი, Maersk საკონტეინერო გადაზიდვებზე გლობალური მოთხოვნის ზრდას მოელის, თუმცა მომდევნო რამდენიმე კვარტალში ეს ნელი ტემპით მოხდება, რადგან ბაზრის რისკები შენარჩუნებულია.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Maersk-მა, ასევე, ფლოტის განახლების პროგრამა გააძლიერა, რითიც 2024-2025 წლებისთვის კაპიტალური ხარჯის პროგნოზი 1 მლრდ დოლარით, 10-დან 11 მლრდ დოლარამდე დიაპაზონში გაზარდა.
კომპანიის აქციების ფასი 3.4%-ით დაეცა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 12.3%-იანი დაცემაა.
Maersk-მა მეორე კვარტალის მოგებაზე წინასწარი მონაცემები დაადასტურა, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა. კომპანიამ ფრახტზე მაღალი ტარიფების გამო მაისის შემდეგ თავისი პროგნოზი მესამედ გაზარდა, რასაც წითელი ზღვის კრიზისი და საკონტეინერო გადაზიდვებზე მდგრადი მოთხოვნა განაპირობებს.
Maersk, რომელსაც მსოფლიო ვაჭრობის ბარომეტრად მიიჩნევენ, ვარაუდობს, რომ მეორე კვარტალში კონტეინერებზე გლობალური მოთხოვნა 5%-7%-ით გაიზარდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ჩინეთის ექსპორტის 10%-იანმა ნახტომმა განაპირობა.
„მოსალოდნელია, რომ მომავალ კვარტალებში კონტეინერებზე გლობალური მოთხოვნის ზრდა ნელი ტემპით, მაგრამ პოზიტიური დარჩება,” - წერია კომპანიის მოგების ანგარიშში.
გასულ კვირას Maersk-მა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომ მეოთხე კვარტალის პერსპექტივა გაურკვეველია.
"ჯანსაღი, თუმცა გაცივებული შრომის ბაზარი და ხელფასების მატება, სავარაუდოდ, აშშ-ის მომხმარებელთა მხარდაჭერას განაგრძობს. თუმცა სამომხმარებლო რწმენისა და დანაზოგების შემცირება არის ღრუბლები ჰორიზონტზე,” - წერს Maersk.
კომპანია მოელის, რომ წლის განმავლობაში კონტეინერების გლობალური ბაზრის მოცულობა 4-6%-ით გაიზრდება.
Maersk ვარაუდობს, რომ წითელ ზღვაში გემებზე იემენელი ჰუსიტების თავდასხმით გამოწვეული მიწოდების შეფერხებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.
Reuters-ის შეფასებით, მართალია, გლობალური ვაჭრობა ფერხდება, მაგრამ Maersk-მა და მისმა კონკურენტმა კომპანიებმა ნაოსნობის გახანგრძლივებული დროითა და ფრახტის, ანუ სატვირთო გადაზიდვების მზარდი ტარიფებით ისარგებლეს, რადგან გემები აფრიკის გარშემო გადაადგილდებიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ