თურქეთის სასტუმროებში All inclusive-ის სერვისი აქტუალური აღარ არის - თურქი ექსპერტი

თურქეთის სასტუმროებისგან სერვის All inclusive-ის გაუქმებას ითხოვენ. ინციატივით თურქეთში ამ სერვისის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და Cornelia Diamond Golf Resort & Spa-ს დირექტორი, ზაფერ ალქაი უკვე, თითქმის, 10 წელია, გამოდის.

ალქაი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, All inclusive-ის გაუქმების საკითხი განიხილოს. მიზეზებს შორის ის სასტუმროების სუსტ დატვირთულობას ასახელებს, რომელიც წელს მოსალოდნელზე დაბალი იყო.

„ჩვენს რეგიონში დატვირთულობა მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 50-80%-მდე მერყეობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის განსახლების იდეალური მაჩვენებლები, რაც ჩვენს რეგიონს სჩვევია,“ - განმარტავს ალქაი გამოცემა Hürriyet-თან ინტერვიუს დროს.

სპეციალისტი ხაზგასმით აცხადებს, რომ პრობლემის საფუძველი მხოლოდ ტურების ფასი არ არის. ის დარწმუნებულია, რომ ტურისტები, რომლებიც საჭიროებენ მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და მომსახურებას, მზად არიან, ბაზრის საშუალოზე მაღალი ფასი გადაიხადონ.

All inclusive-ის კიდევ ერთი პრობლემა კვების ორგანიზების ღირებულებაა. სასტუმროებს უწევთ, ყველა საკვები და სასმელი პროდუქტი შეიტანონ ფასში, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც მომხმარებლები არ ჰყავს.

ამასთან, ზაფერ ალქაი მიიჩნევს, რომ დატვირთულობის გასაზრდელად გადაჭარბებული ფასდაკლება შესაძლოა, ტურისტული ინდუსტრიის მომავლისთვის კრიტიკული შეცდომა იყოს.

„აშკარაა, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ „კვალიფიციური ტურიზმის“ ცნობიერებით ვიმოქმედოთ. ჩვენ როგორმე უნდა მივიზიდოთ ტურისტები, რომლებიც კვალიფიციურ მომსახურებას სწორად შერჩეულ, ანუ პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის ექვივალენტურ ფასებში საჭიროებენ,“ - ამბობს ალქაი.

ცნობისთვის: სერვისი, All inclusive 1990-იანი წლების დასაწყისში Magic Life-ის დამფუძნებელმა, დოქტორ ჯონსმა შემოიღო, ხოლო თურქეთში ჯემ კინაიმ დააწესა, რომლის გუნდის ერთ-ერთი მოთამაშეც მაშინ სწორედ ზაფერ ალქაი იყო. All inclusive-ის შედეგად თურქეთმა ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ