„უნდა განიტვირთოს ქალაქი.. ორი ტერიტორია შეირჩა“ - როგორია ბათუმის განვითარების გენერალური გეგმა?

City Institute Georgia-მ ბათუმის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დიდი ხანია დაასრულა, კონცეფცია მერიას ჩაბარდა, თუმცა დასტურს ამ დრომდე ელოდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია გენგეგმის ავტორების ხედვა ბათუმის განვითარებასთან დაკავშირებით.

როგორც City Institute Georgia-ს ურბანისტი ანდრო ქორთუა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, შემუშავდა გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქის ცენტრი და სანაპიროს პირველი ზოლი, განვითარების ცენტრები კი ქალაქში თანაბრად გადანაწილდეს.

„პირველი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ, არის ის, რომ განიტვირთოს ცენტრი, სანაპირო და განვითარების ცენტრები გადანაწილდეს ქალაქის მასშტაბით. ქალაქს შევთავაზეთ პოლიცენტრული განვითარება. მონიშნულია გარკვეული არეალები, სადაც ეს ინტერესები შეიძლება გადანაწილდეს, მონოცენტრულად არ განვითარდეს და არ გადაიჭედოს ცენტრალური ნაწილი და სანაპიროს პირველი ზოლი. ამას ბუნებრივია, თან უნდა მოჰყვეს აუცილებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იმ გზებსა და კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც ახლა ეს ქუჩებია, ფაქტობრივად, განახლება დასჭირდება,“ - ამბობს ქორთუა.

ამასთან, კონცეფციით გამოიკვეთა ორი ტერიტორია, რომელსაც სამომავლოდ განვითარების პერსპექტივა აქვს. ერთი არის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის ტერიტორია, მეორე კი ე.წ მთის ძირის არეალი.

„შეთავაზებულია ორი საკმაოდ დიდი ზომის ტერიტორია, სადაც შეუძლია ქალაქს, რომ მნიშვნელოვანი რესურსი ჰქონდეს, როცა გადაწყვეტს განვითარებას. ერთი ტერიტორია არის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის ტერიტორია, რომელზეც ჩატარებულია კვლევები, მათ შორის ნიადაგის კვლევა და არსებობს შედეგები, როგორ უნდა მოხდეს ნიადაგის გაწმენდა და მერე უკვე იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა შეიქმნას საცხოვრებლად ჯანსაღი გარემო.

მეორე ტერიტორია არის ე.წ მთის ძირის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს გენერალ ასლან აბაშიძის, გაგარინისა და მთის ძირის ქუჩებს შორის. ესეც დიდი ტერიტორიაა, ამჟამად აქ სპირადული სახით წარმოდგენილია სამრეწველო ტერიტორიები, არის ბიზნეს ობიექტები, რომელთა ადგილმონაცვლეობა პრობლემური იქნება და იქ დარჩება, თუმცა დიდი რესურსია მაგის მიღმა, რისი ათვისებაც შეიძლება. ეს ორი ტერიტორია მოაზრებული გვაქვს, როგორც მნიშვნელოვანი ქვეცენტრები ბათუმის საბოლოო განვითარებისთვის,“ - განაცხადა ანდრო ქორთუამ.

მერი ტაბატაძე