რუსული კომპანია Aero Management (ყოფილი Dart) აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისგან 240 მლნ რუბლზე (2.8 მლნ დოლარზე) მეტი თანხის გადახდას ითხოვს. ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის ფილიპ მიზონოვის წერილში წერია, რომელიც აფხაზურმა Telegram-არხმა, RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა.
მიზონოვის წერილის ადრესატები აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი და სოხუმის აეროპორტის გენერალური დირექტორის მოვალეობს შემსრულებელი, ბ.ჯენიაა.
მიზონოვის ცნობით, კომპანია სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტის რეალიზაციისთვის დაიქირავეს და მასთან 2022 წელს არაერთი ხელშეკრულება დაიდო.
„ინვესტორმა კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი ვალდებულებები, რისთვისაც აეროპორტს სესხი 120 მლნ რუბლის (1,4 მლნ დოლარის) ოდენობით გადასცა. თანხა აეროპორტის რეკონსტრუქციის საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემქმნელს გადაერიცხა,“ - წერს მიზონოვი.
ინვესტორი მიუთითებს, რომ „სესხის დავალიანების დაფარვისა და სააგენტოს საკომისიოს გადახდის“ ვალდებულება აფხაზური მხარის მიერ ჯერ შესრულებული არ არის. მეტიც, აფხაზეთის ენერგეტიკის დე ფაქტო სამინისტროს ქმედებების შედეგად ინვესტორისთვის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობის ფაქტიური შესაძლებლობა პროექტში სხვა ინვესტორის ჩართვის გამო ჩამოერთვა.
ამდენად, Aero Management ითხოვს:
აფხაზეთის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, Aero Management-ის დავალიანებას შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ დაფარავს, ხოლო ოზგანის უწყება აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის ინვესტორის არჩევისას აფხაზური მხარის არაკეთილსინდისიერების შესახებ Aero Management-ის ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის: სააქციო საზოგადოება Aero Management 2021 წელს შეიქმნა. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 10 ათასი რუბლია (115 დოლარია), ძირითადი საქმიანობა კომერციულ საქმიანობა-მენეჯმენტის საკითხებზე კონსულტაციებია. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს კომპანია აცხადებდა, რომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის “სამართლებრივ ბაზას ქმნიდა.“
თუმცა 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტს შპს “ინფრასტრუქტურული განვითარება” აღადგენდა, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსის კომპანიაა. ყოფილ მინისტრი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ