„დაოსტატებულები არიან, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ - არ ვიცით, რა დანამატებს ურევენ ნატურალური გემოს ყველის მისაღებად“

„ჩვენ, მერძევები და მეყველეები არ ვართ დაინტერესებული არანაირად, რომ ქვეყანაში იმოძრაოს რძის ფხვნილმა, ეს პირდაპირ ურტყამს ფერმერს, მწარმოებელს, ჯანმრთელობას,“- ამის შესახებ ყველის ასოციაციის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად რძის ფხვნილი შესაძლოა, სრულიად უსაფრთხო იყოს, მაგრამ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები დაოსტატებულები არიან და კარგად იციან, არაჯანსაღი ცხიმებით როგორ მიიღონ ნატურალურთან მიახლოებული გემოვნური თვისებების ყველი.

რაც შეეხება სტატისტიკას, აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რძის ფხვნილის იმპორტი ქვეყანაში შემცირებულია. კერძოდ, წელს იანვარ-ივნისში 4 377 ტონა რძის ფხვნილი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 4 847 ტონა.

„ჩვენ, მერძევეები და მეყველეები არ ვართ დაინტერესებული არანაირად, რომ ქვეყანაში იმოძრაოს რძის ფხვნილმა, ეს პირდაპირ ურტყამს ფერმერს, მწარმოებელს, ჯანმრთელობას. შეიძლება, ერთის მხრივ, რძის ფხვნილი არ იყოს საშიში, მაგრამ არ ვიცით, რას იყენებენ, რომელი ცხიმებია გარეული იმისთვის, რომ მიიღონ მსგავსი გემოვნური თვისებების ყველი. თორემ, ზოგადად, რძის ფხვნილი არსად არის აკრძალული. ცხადია, არც ჩვენთან, მაგრამ დასადგენია, რა ცხიმია გამოყენებული. დაოსტატებულები არიან, ვინც არაკეთილსინდისიერად უდგება ადამიანების ჯანმრთელობას და მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, როგორ ცვლიან ან საიდან შემოაქვთ ეს ცხიმები.

მოვითხოვეთ, რომ ჩართულიყო ჯანდაცვის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, რადგან ცხადია საბაჟოს გვერდის ავლით წარმოუდგენელია ტონობით ფხვნილი და მისი დანამატები შემოვიდეს. ჩვენდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წელთან შედარებითაც კი, საგრძნობლად არის შემცირებული ფხვნილის შემოტანა. ეს არის აბსოლუტურად ამოუხსნელი რამ იმიტომ, რომ თუ მოვუსმენთ მეწარმეებს, მათ ხელს უშლის ბაზარზე მოძრავი ფხვნილი. ალბათ, უშლის, მაგრამ საინტერესოა, თუ ასე არის შემცირებული, მაშინ რატომ უჭირს ფერმერ-მწარმოებელს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა?! ეს არის კარგად გასაანალიზებელი,“- ამბობს ანა ჩიკვაიძე.

ნინი ქეთელაური