საქართველოს საერთაშორისო რეზერვები წლიურად შემცირდა, თვიურ ჭრილში კი გაიზარდა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები წლიურად შემცირდა, ხოლო თვიურ ჭრილში გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვები 764.596 მლნ დოლარით, სავალუტო რეზერვები კი 1.320 მლრდ დოლარით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.671 მლრდ დოლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5.436 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვების მოცულობა კი 4.967 მლრდ დოლარიდან 3.646 მლრდ-მდე შემცირდა.

რაც შეეხება თვიურ ჭრილს, მთლიანი რეზერვები 90.530 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო სავალუტო რეზერვები - 59.740 მლნ-ით. 2024 წლის ივნისში მთლიანი რეზერვები - 4.580 მლრდ დოლარს, ხოლო სავალუტო - 3.586 მლრდ-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების წლიური შემცირების მიზეზი ძირითადად სებ-ის მიერ 2024 წლის მარტში ოქროს შესყიდვა გახდა. მარტში ოქროს რეზერვების მოცულობა 332.152 მლნ დოლარს შეადგენდა, აპრილში – 529.405 მლნ-ს, მაისში - 538.871 მლნ-ს, ივნისში - 534.890 მლნ-ს, ხოლო ივლისში - 556.782 მლნ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივლისის სტატისტიკით სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.724 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 921.8 მლნ დოლარს ინახავს.

თაია არდოტელი