„არ არის საკმარისი წარმოება - საქართველოში მოყვანილი პროდუქცია შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს“

„საქართველოში მოყვანილი პროდუქცია შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ჰერბიას“ დირექტორმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა.

ცნობისათვის, 2024 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ მწვანილის იმპორტი გაზარდა, ხოლო ექსპორტი შეამცირა.

როგორც EastFruit-ი კვლევაზე დაყრდნობით წერს, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მწვანილის იმპორტი ღირებულებით ნაწილში 55,3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით - 38.5%-ით შემცირდა. მთავარი იმპორტიორი საანგარიშო პერიოდში ირანი იყო, რომელზეც მთელი იმპორტის - 48,1% მოდიოდა.

როგორც „ჰერბიას“ დირექტორმა, ზურაბ ჯანელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, აღნიშნული მონაცემები ქართულ რეალობაში ძალიან სამწუხაროა და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში წარმოება მოთხოვნას მკვეთრად ჩამორჩება.

„არ არის საკმარისი წარმოება და საქართველოში მოყვანილი პროდუქცია შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ხდება იმპორტირებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა,“ - განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.

მისი თქმით, მოთხოვნა გაზრდილია „ჰერბიას“ მიმართაც და ამის გამო ისინი პროდუქციის ექსპორტზე გატანას ვერ ახერხებენ.

„ბოლო წლებია სიტუაცია არ იცვლება და პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ექსპორტზე გატანასაც ვერ ვახერხებთ. საექსპორტო სეზონი ნოემბერ-დეკემბერში იწყება და იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ გარკვეული რაოდენობა მაინც გავიტანოთ ქვეყნის გარეთ,“ - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, პროდუქცია გერმანიასა და ბულგარეთში გაჰქონდათ, თუმცა, ამ ეტაპზე გათვლა მხოლოდ ბულგარეთზე აქვთ. ზურაბ ჯანელიძის თქმით, უცვლელია ფასიც და „ჰერბიას“ პროდუქციის ღირებულება არ შეცვლილა.

რაც შეეხება მწვანილის იმპორტიორ ქვეყნებს, შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში მწვანილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  • ირანი - 346,3 ტონა - 229,6 ათასი დოლარის;
  • სომხეთი - 325,1 ტონა - 197,4 ათასი დოლარის;
  • ნიდერლანდები - 6,1 ტონა - 23,7 ათასი დოლარი;
  • უზბეკეთი - 15,6 ტონა - 17,1 ათასი დოლარის;
  • თურქეთი - 23,6 ტონა - 11,9 ათასი დოლარის.
ეკა დარჩიაშვილი