საამიროები თავის პორტებში რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს” აღარ უშვებს

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს” თავის პორტებში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, საამიროებმა თავის პორტებში შესვლა აფრიკული ქვეყანა ესვატინის (ყოფილი სვაზილენდის) დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებს აუკრძალა. ამით საამიროები რუსული ნავთობის გადამზიდავი „ჩრდილოვანი ფლოტისაგან“ დისტანცირებას ცდილობს.

მანამდე არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა თავის პორტებში კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერების შესვლა აკრძალა. ორივე ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერები სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ეწევიან.

მაგალითად, 2023 წელს ესვატინის დროშის ქვეშ არცერთი გემი არ დაცურავდა, მაშინ, როცა წელს სამხრეთ აფრიკაში მდებარე ამ პატარა ქვეყნის დროშის ქვეშ, რომელსაც ზღვაზე გასასვლელიც კი არ აქვს, 26 გემი გამოჩნდა.

მითუმეტეს, ამ გემების უმეტესობა ტანკერია, ხოლო 16 გემის მფლობელზე ზუსტი ინფორმაცია არსად ფიქსირდება, მაშინ, როცა არსებობს მტკიცებულება, რომ ესვატინის დროშის მქონე ზოგიერთ ტანკერს რუსეთსა და ირანში წარმოებული ნავთობი გადაჰქონდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ