ნოვაკ ჯოკოვიჩის ღირებულება გაიზარდა - რა ქონებას და ბიზნესებს ფლობს ლეგენდარული ჩოგბურთელი?

ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზანს 37 წლის ასაკში მიაღწია და 4 აგვისტოს ოლიმპიური ოქრო მოიგო.

ფინალურ შეხვედრაში მან ესპანელი კარლოს ალკარასი 2 საათსა და 52 წუთში დაამარცხა. შედეგად, ჯოკოვიჩი გახდა ისტორიაში მე-5 ჩოგბურთელი, რომელსაც შტეფი გრაფის, ანდრე აგასის, რაფაელ ნადალის და სერენა უილიამსის შემდეგ, ოთხივე დიდ სლემთან ერთად ერთეულებში ოლიმპიური ოქრო აქვს მოგებული.

37 წლის სერბი ყველაზე ხნიერი ჩოგბურთელი გახდა, ვინც ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ითამაშა. მატჩის შემდეგ გაიზარდა მისი წმინდა ღირებულებაც.

ბოლო ინფორმაციით, ლეგენდა 240 მილიონ დოლარს ფლობს. თუმცა, მან ქონება მხოლოდ სპორტით არ დააგროვა. ჯოკოვიჩმა ჩოგბურთით 150 მილიონ დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო. დანარჩენი ნაწილი კი მის მრავალფეროვან ბიზნესებს უკავშირდება.

კაფე და რესტორანი “Novak“

2008 წელს ჯოკოვიჩმა ბელგრადში Novak Café & Restaurant- ის გახსნისთვის მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ფილიალები გაიხსნა კრაგუევაცში, დორჩოლში, ნოვი სადში და ბანია ლუკაში. ყველა ლოკაცია უნიკალური და ლამაზია, სადაც ინტერიერი ნოვაკის დიზაინით არის შექმნილი.

სახლები

ჩოგბურთის ლეგენდას აქვს ცხრა ოთახიანი სახლი მარბელაში, ესპანეთში, რაშიც მან 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ფლობს 6.2 მილიონი ევროს ღირებულების სანაპირო სახლს მაიამიში. 9.85 მილიონი ევროდ შეფასებულ ბინას ნიუ-იორკში და საკუთრებებს მონტე კარლოსა და ბელგრადში.

იახტა

ჯერ კიდევ 2009 წელს ჯოკოვიჩმა 2.5 მილიონ დოლარად იყიდა ძვირადღირებული იახტა - Manhattan 60 Sunseeker, რათა მას და მის მაშინდელ შეყვარებულს, იელენა რისტიჩს (ახლანდელი მისი მეუღლე) ხმელთაშუა ზღვის გარშემო კრუიზით მოგზაურობა შეძლებოდათ. იახტას აქვს ოთხი კაბინა, ლაუნჯი, სამზარეულო, აბაზანა და ჩქაროსნული ნავი.

ძვირადღირებული მანქანების კოლექცია

ჯოკოვიჩი გახდა სუპერმანქანების ფლოტის მფლობელი. მისი კოლექცია მართლაც წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. მის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი ავტომობილია: 200 000 დოლარიანი Aston Martin; 230 000 დოლარიანი Bentley; მთლიანად ელექტრო 508 GT Peugeot; Peugeot RCZ; Mercedes Benz S500; Audi R8 და BMW M55D. კოლექციაში ასევე არის Tesla Model X და Fiat 500 და სხვა.

პირადი თვითმფრინავი

ბევრი მეგა მდიდარი სპორტის ვარსკვლავის მსგავსად, ჯოკოვიჩი არის საკუთარი პირადი თვითმფრინავის მფლობელი. თვითმფრინავი არის NetJets-ის ბრენდი. ამ ბრენდს თითქმის ყველა ჩოგბურთის ვარსკვლავი ფლობს.

ვერტმფრენით მოგზაურობა

ჯოკოვიჩი ზოგჯერ დანიშნულების ადგილებზე ჩარტერული ვერტმფრენით ჩადის. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო 2015 წელს, როდესაც იგი ბუკინგემშირში უიმბლდონის წინ გამართულ Boodles-ის ღონისძიებაზე ჩარტერული რეისით მივიდა.

ბიოტექნოლოგიური ფირმა

COVID-19 პანდემიის დროს, ჯოკოვიჩმა უარი თქვა ვაქცინაციაზე, რის გამოც მან ზოგიერთ ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღო. 2022 წლის დასაწყისში ჯოკოვიჩმა იყიდა დანიის ბიოტექნოლოგიური ფირმის QuantBioRes-ის აქციის 80%. ეს არის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის არავაქცინირებული მკურნალობის შემუშავებას. არ არის ცნობილი, თუ რა თანხა გადაიხადა ჯოკოვიჩმა.

სამედიცინო აღჭურვილობა სერბეთისთვის

ბიოტექნოლოგიური ფირმის შეძენის გარდა, ჯოკოვიჩმა და მისმა მეუღლემ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, სერბეთისთვის სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიონი ევროს შემოწირულობა გაიღეს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი