რუსთავის მერია ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მასშტაბური პროექტის მონიტორინგს აგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჯერად, „ჯივიპიმ" რუსთავში, კიდევ ერთი მსხვილი პროექტი - გაგარინის და მშვიდობის ქუჩების მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, დღეს დილიდან, წყალმომარაგების კომპანია, გაგარინის ქუჩაზე განახლებული ქსელის დაერთებით სამუშაოებს ატარებს. პროექტის ამ მონაკვეთზე, 2 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური ქსელი განახლდა, დამონტაჟდა 16 ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 13 საკვანძო ჭა.
სამუშაოების მიმდინარეობას, კომპანია „ჯივიპის" წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი.
„ჩვენ დავპირდით მოსახლეობას და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ვაგრძელებთ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტების მონიტორინგს. გაგარინის და მშვიდობის ქუჩებზე დღეს მოხდება 2 კმ-მდე სიგრძის განახლებული მაგისტრალური ქსელის დაერთება, რის შედეგადაც, წყალმომარაგება თითქმის 12 ათას აბონენტს გაუუმჯობესდება. გრძელვადიან პროექტში, რომელიც ჩვენი მოთხოვნით და სემეკის ჩართულობით ხორციელდება, ჯამში 60 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს კომპანია. ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს, რომ რუსთავისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა, საბოლოოდ დავძლიოთ."- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სამუშაოების მიმდინარეობის გამო, რუსთავის მოსახლეობას, დღეს 15:00 საათიდან ხვალ დილის 09:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „ჯივიპი", ამ დროს განმავლობაში, მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, გრძელვადიანი პროექტი, რომელიც რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა, წყლის ქსელების რეაბილიტაციის გარდა, ხრამის სათავე ნაგებობაზე, ელექტროენერგიის სისტემის განახლებასაც გულისხმობს.
„ჩვენი გუნდის ინტენსიური მუშაობით და სემეკის აქტიური ჩართულობით შემუშავდა ეს გრძელვადიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ,,ჯივიპი", დღეს მშვიდობის და გაგარინის ქუჩებზე 2-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალური ქსელის დაერთების სამუშაოს ახორციელებს. პროექტის მხოლოდ ამ მონაკვეთის დასრულების შემდეგ, წყალმომარაგება დაახლოებით, 12 ათას აბონენტს გაუუმჯობესდება. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, რუსთავის 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტი, უკვე მესამე წელია რაც მიმდინარეობს, ინვესტიციის სრული ოდენობა 60 მილიონი ლარია.
.