რამდენი ლიცენზირებული ტაქსი მოძრაობს თბილისში

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, თბილისის მერიისგან უსასყიდლოდ გაიცა A კატეგორიის 35 558 ნებართვა - ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან მიაწოდეს.

ამასთან, მათივე ცნობით, 2023 წლის პირველი აპრილიდან მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე გააქტიურდა 20 264 ნებართვა. რაც შეეხება B კატეგორიას, 2023 წლის პირველი აპრილიდან მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, გაცემულია 6 861 ნებართვა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო, რა დროიდანაც ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა. შესაბამისად, თეთრი ფერის ტაქსები A კატეგორიას მიეკუთვნებიან, მანათობლის გარეშე მოძრავი ტაქსები, რომლებიც აპლიკაციის მეშვეობით ემსახურებიან მგზავრებს, B კატეგორიას.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მასზე გაიცემა, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც იქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა.

თაია არდოტელი