„ჩვენი სოფლის მეურნეობა მხოლოდ მცირე ნაბიჯებს დგამს წინ, რაც ხელშესახებ ცვლილებებს და საჭირო შედეგს ვერ იძლევა. ქვეყანას დიდი შესაძლებლობები აქვს თავისი კლიმატური და ეკოლოგიური პირობების გამო, თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარებას სჭირდება სერიოზული მუშაობა, როგორც ქართველი, ისე უცხო სპეციალისტების ჩართვა და სახელმწიფოს ნება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობის გასავითარებლად ყველაზე დიდი როლი სახელმწიფოს აქვს, რომელმაც უნდა განსაზღვროს როგორ და რა გზებით მოხდეს წარმოების ხელშეწყობა და პროდუქტიულობის ზრდა.
„ყველაფერი დამოკიდებულია გადაწყვეტილებების მიმღებ მმართველ გუნდზე. თუ მოინდომებენ, მუშაობის შედეგად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ თუ არ მოინდომებენ, ასე არაფერი გამოვა და ვერანაირ წინსვლაზე საუბარი ვერ იქნება.სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სოფლის მეურნეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია, რომელშიც ბევრი ადამიანია დასაქმებული. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები. ეს ყველგან ასეა და ყველაზე ძლიერ და განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს“, - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელოვანი მხარდამჭერები ევროკავშირი და სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციები არიან, პოლიტიკური პროცესების საფუძველზე, დასავლეთისგან ფინანსური დახმარებების შეჩერების შემთხვევაში, სექტორში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა იქნება.
„ევროკავშირი და სხვა პარტნიორები დიდ დახმარებას უწევენ საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორს. უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია არის და დღემდე იყო ჩართული ამ მიმართულების განვითარებაში. თუ მათგან დახმარებები შეჩერდება, რა თქმა უნდა, ეს ფინანსები ძალიან დააკლდება ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს სოფლის მეურნეობას.თუ სადმე ახალი წარმოება, ახალი ტექნოლოგიებია, ძალიან დიდი წილი დახმარებების შედეგად გაკეთდა. შესაბამისად, თუ უცხოური პროექტები აღარ იმოქმედებს, ამას ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება სექტორზე“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.