ჩეხეთის რესპუბლიკაში დასაქმებულმა პირმა საკუთარი სამუშაო განრიგი შესაძლოა, თავად შეადგინოს.
ამას შრომის ეროვნულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რასაც პარლამენტის ზედა პალატამ კენჭი უკვე უყარა.
კერძოდ, დასაქმებული პირი თავისი სამუშაო განრიგის შეცვლას დამსაქმებელთან შეთანხმებით შეძლებს.
თუმცა ახალი განრიგი სამართლებრივ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, როგორიც არის, მაგალითად, ცვლებს შორის შესვენების, მინიმუმ, 11-საათიანი დროის უზრუნველყოფა.
ჩეხებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, საკუთარი სამუშაო გრაფიკის შედგენა უკვე შეუძლიათ, ხოლო კანონში ცვლილებები ასეთ შესაძლებლობას ყველა დასაქმებულს მიცემს, განურჩევლად პროფესიისა და სამუშაო ფორმატისა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ