რა ეტაპზეა, როდის დასრულდება და რა მოეწყობა „რადიო ქალაქის“ ტერიტორიაზე? (+ფოტო)

გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცის - „რადიო ქალაქის“ მშენებლობის პირველი ფაზა 2024 წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორმა ნატო ჯაფარიძემ განუცხადა.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა, ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია, რაც, ჯაფარიძის თქმით, შენობის რეკონსტრუქციასა და მოწყობას მოხმარდება.

პროექტის ფარგლებში ადგილზე დაგეგმილია სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელი სივრცეების განთავსება. ამასთან, მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები და სპორტული კორტებიც.

„რადიო ქალაქი“ ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ერთის მხრივ შეიქმნება გლდანის და მუხიანის სივრცეები რეკრეაციისთვის, გართობისთვის, დასვენებისთვის და მეორეს მხრივ, შეიქმნება ხელსაყრელი გარემო ბიზნესის სხვადასხვა დარგისთვის. ჩვენ ვხედავთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ძალიან დიდ პოტენციალს ამ უბანში,“ - დასძინა ნატო ჯაფარიძემ.

„აჭარა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ სივრცეები 16 ჰექტარზე მოეწყობა. მისივე თქმით, „რადიო ქალაქი“ 5-15 წუთის სავალი მანძილიდან 455 ათას მაცხოვრებელს მოემსახურება.

„ჩვენი გათვლებით, რადიო ქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის უამრავ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ - გვითხრა „აჭარა ჯგუფის“ დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ რადიო ქალაქის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო.

radiocity-render-1723398658.jpg

მერი ტაბატაძე