კახა კალაძე - სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში 7 ჰექტარია, ტყე-პარკის მოწყობა-აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში 7 ჰექტარია, ტყე-პარკის მოწყობა-აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც ჯამში 5 მლნ ლარი დაიხარჯება.

„სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში 7 ჰექტარია, ტყე-პარკის მოწყობა-აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

ვარკეთილის მეურნეობის ყოფილ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი, ასევე გამოხშირვა-გაწმენდის მიზნით მოიჭრა თვითნათესი მცენარეები.

მიმდინარე წელს, 3.7 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, განთავსდება საპარკე ავეჯი, საბავშვო და სპორტული სივრცეები და სასმელი წყლის სოკოები. მომავალ წელს კი, დარჩენილ 3,3 ჰექტარ ტერიტორიაზე გაგრძელდება ტყე-პარკის მოწყობა/აღდგენის სამუშაოები.

აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახეობის ასობით ნერგის დარგვას.

ტყე-პარკის მოწყობა/აღდგენის სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება და პროექტისთვის ჯამში 5 მლნ ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.