რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობისთვის სამ მოქალაქეს მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა. ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობის განხორციელებისთვის ექსპროპრიაციის შესახებ ბრძანდება უკვე გამოსცა.
დოკუმენტის თანახმად, მიწები მარნეულის მუნიციპალიტეტში სამ მოქალაქეს ჩამოერთმევა. აღნიშნული პირებისგან სახელმწიფომ მიწა ნებაყოფლობით ვერ გამოისყიდა.
უფრო კონკრეტულად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, იაღლუჯის ზამთრის საძოვარზე მდებარე 1 542 090 კვ.მ მიწის ნაკვეთის 98 252 კვ.მ ხვდება პროექტის ზემოქმედების ქვეშ. მიწა ეკუთვნის მოქალაქე ვანო გომიაშვილს, რომლისგანაც ნაკვეთის გამოსყიდვა ვერ მოხერხდა.
ამასთანავე, მიწა ჩამოერთმევა რენატ ქერიმოვს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. პროექტის ზემოქმედების ქვეშ ჰყვება ამ მიწის 3120 კვ.მ, რომლის ჩამორთმევაც მოხდება.
მიწა იძულებით ჩამოერთმევა კიდევ ერთ მოქალაქეს, ნაიბ ამიროვს. ის მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ამბაროვკაში 6600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალწლიან ნერგებს ფლობს, პროექტის ზემოქმედების ქვეშ 584 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხვდება, რაც მესაკუთრეს მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩამოერთმევა.
შეგახსენებთ, ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზების (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტებს ახორციელებს.
„აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ ნაწილის დაბოლოებას განეკუთვნება. მაგისტრალი იწყება თურქეთის საზღვართან, რომელიც ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის გავლით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე მიდის.
პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია TEM სტანდარტების შესაბამისად. რუსთავიდან ალგეთის გადაკვეთამდე მონაკვეთის (ლოტი 1) სიგრძე 21 კმ-ს შეადგენს, ხოლო ალგეთის კვანძიდან აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე წითელ ხიდამდე მონაკვეთის სიგრძე 10.9 კმ-ია (ლოტი 2).
ლოტი 1-ს აქვს ოთხი ორდონიანი გადაკვეთა. ავტომაგისტრალს კვეთს ოთხი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართკუთხა კვეთის გზაგამტარების მოწყობა. საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის გათვალისწინებულია 11 ხიდი (საიდანაც 7 მათგანი სახიდე გადასასვლელს წარმოადგენს), რომლებიც ოთხ საგზაო კვანძთან მოეწყობა. ლოტი 2 იწყება ალგეთის კვანძიდან.
ამ მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი კვანძი, სადაც მოეწყობა სახიდე გადასასვლელები; ასევე გაშენდება ერთი ორმაგი ხიდი. გარდა ამისა, მონაკვეთზე მოეწყობა ორი დიდი მიწისქვეშა გასასვლელი“, - აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში.
ცნობისთვის, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული 2019 წლის 19 თებერვლის სასესხო შეთანხმების ფარგლებში ფინანსდება.