მიმდინარე სეზონი, ისევე როგორც გასული სამი ზაფხული, საკმაოდ დატვირთულია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ხევსურეთში მოქმედ აგროტურისტული ობიექტის, „ხახაბოს“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ნინო ბარნაბიშვილმა განაცხადა.
ხევსურეთის სოფელ ხახაბოთი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ინტერესდებიან. „ხახაბოს“ აგროტურისტულ ობიექტს წელს განსაკუთრებით ბევრი ფრანგი ვიზიტორი ჰყავს. გარდა ფრანგებისა, აქაურობას ხშირად სტუმრობენ გერმანელები, ჰოლანდიელები, პოლონელები, ფილიპინელები, ტურისტები დუბაიდან, ამერიკიდან, ჩეხეთიდან და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონიდან 2135 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელ ხახაბოთი დაინტერესება დიდია, ადგილზე საგზაო თუ კომუნალური ინფრასტრუქტურის არარსებობა დღემდე პრობლემას წარმოადგენს. როგორც ნინო ბარნაბიშვილი აღნიშნავს, წელს გაუმართავი გზის გამო 10 ჯავშანიც კი გააუქმეს.
„მიმდინარე სეზონი საკმაოდ დატვირთულია მოლაშქრე, ცხენოსანი, უცხოელი თუ ქართველი ტურისტებით. დანაკლისს ნამდვილად არ განვიცდით. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 10 ჯავშნის გაუქმებაც მოგვიწია უგზოობის გამო, წელს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩვენი გზა.
ამოსული არის ტრაქტორი, მაგრამ რეალურად რა ხარისხით გაკეთდება გზა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. აქამდეც არაერთხელ გამოჩნდა ტრაქტორი, მაგრამ გზა მაინც ცუდ მდგომარეობაშია. ხარისხიანად და გულიანად ვერ კეთდება, სამწუხაროდ“, - აღნიშნავს ხახაბოს მკვიდრი.
ადგილზე კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს ელექტროენერგია. ხახაბოში არ არსებობს ელექტროგაყვანილობა. ობიექტი დენს მზის პანელებით იღებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი წინაღობა არის გზის გაუმართაობა. საერთოდ არ არსებობს ელექტროგაყვანილობა, არც გაზი. გვაქვს მზის პანელები, რომლებიც დაახლოებით 6 წლის წინ არის დადგმული, თუ არ ვცდები ჩეხეთის მთავრობის დახმარებით დაიდგა, მაშინ აქ არ ვცხოვრობდი. გაზს რაც შეეხება, ძველი წითელი ბალონები რომ არის, ამით ამოგვაქვს. გვაქვს შეშის ღუმელი, რომელიც ჩვენი წლის განმავლობაში გათბობისა და საკვების მომზადების ძირითადი საშუალებაა“, - აღნიშნავს ნინო ბარნაბიშვილი.
აგროტურისტული ობიექტი „ხახაბო“ დამსვენებლებს ნატურალურ სოფლის პროდუქტსაც სთავაზობს. საკვები პროდუქტების უმეტესობა სწორედ ადგილზეა მოყვანილი. სასტუმროში განთავსების ღირებულება ერთი ადამიანისთვის 45 ლარს შეადგენს, სამჯერადი კვებით კი ფასი 105 ლარს უტოლდება. დამსვენებლებს სურვილის შემთხვევაში, ადგილზე საცხენოსნო ტურების მოწყობაც შეუძლიათ. ორდღიანი ან ხანგრძლივი ტურები ორგანიზდება როგორც ხახაბოს შემოგარენში, ასევე ხევსურეთისა და თუშეთის სოფლებში.