„არავინ სვამს კითხვას, ნატურალური რძე არის კი იმდენად ხარისხიანი, რომ მისგან მავნებლობა არ გველოდება?!“

ზოგჯერ შეიძლება ფხვნილის რძე უფრო ნაკლებ საშიში იყოს თუ მასში ტრანს ცხიმები არ არის და პირიქით, ბევრ კითხვის ნიშანს სწორედ ნედლი რძე იწვევდეს,“ - ამის შესახებ ყველის ასოციაციის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რძე ყველაზე სენსიტიური პროდუქტია, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, რა პირობებში ხდება მისი დამუშავება.

„ზაფხულში ნედლი რძე საკმაოდ ბევრია. ჩვენი, ასოციაციების ინტერესიცაა, ვიცოდეთ, რამდენად სარგებლიანია ეს რძე, შემადგენლობა, ხარისხი როგორია. არავინ სვამს კითხვას, ნატურალური რძე არის კი იმდენად ხარისხიანი, რომ მისგან მავნებლობა არ გველოდება?! თუ ჩვენ არ ვიცით, რა ხელით მოიწველა, რა ჭურჭელში ჩაიწურა, რამდენ ხანს იყო ღიად, გაგრილდა თუ არა, გზაში ხომ არ ამჟავდა და ბაქტერიების რაოდენობა გამრავლებულია თუ არა...

რძეს აქვს უამრავი სასარგებლო და ასევე ცუდი ბაქტერიაც, ის არის ყველაზე სენსიტიური ნედლეული. როგორც მოწველი, თუ გრილ სივრცეში არ მოათავსე და თავზე არ დაახურე, ჰაერიდანაც კი კრეფს ათასი ტიპის ბაქტერიას. ზოგჯერ შეიძლება ფხვნილის რძე უფრო ნაკლებ საშიში იყოს თუ მასში ტრანს ცხიმები არ არის და პირიქით, ბევრ კითხვის ნიშანს სწორედ ნედლი რძე იწვევდეს,“- ამბობს ანა ჩიკვაიძე.

მისი თქმით, როგორც რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქციის, ისე ნედლი რძის კონტროლი უნდა გამკაცრდეს და სახელმწიფო დაინტერესდეს მისი მიღებიდან, შენახვისა და გამოყენების პირობებით დამთავრებული, ყველა პროცედურით.

ნინი ქეთელაური