“კამერების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ ჯარიმები იწერება, ქულების ჩამოწერაც უნდა ხდებოდეს,“- ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ადრე ამის აღსრულება სირთულეს წარმოადგენდა, ახლა ტექნოლოგიები დაიხვეწა, შესაბამისად, მისი სისრულეში მოყვანაც გამარტივდა.
ამასთან, გელა კვაშილავა ამბობს, რომ არც დასაშვებზე 15 კმ/სთ სიჩქარით გადაჭარბება არის გამართლებული. მისი თქმით, მსგავსი მიდგომა მხოლოდ საქართველოშია, რაც აუცილებლად შესაცვლელია.
როგორც გელა კვაშილავა აცხადებს, პრობლემას წარმოადგენს სატრანზიტო ავტომობილების მიერ სიჩქარის გადაჭარბებაც, შესაბამისად, აუცილებელია, კონტროლის ეფექტურად განხორციელება.
“კამერების მთავარი პრობლემა, რაც დიდი ხანია მოსაგვარებელია, ის არის, რომ მხოლოდ ჯარიმები იწერება, ქულების ჩამოწერაც უნდა ხდებოდეს. ყველგან ასეა. ჩვენთან რატომ ვერ ხდება ამის სისრულეში მოყვანა, არ ვიცი. სხვა ჯარიმების დაწერა თუ ხდება, იგივე პარკირების შემთხვევაში, იგივე უნდა მოხდეს თუნდაც სიჩქარის გადაჭარბების დროს. კამერის მიერ დაფიქსირებისას მძღოლს მოუვა, რამდენი ქულა მოაკლდა. სხვანაირად არ გამოვა, თუ გვინდა, რომ ეფექტური იყოს საგზაო უსაფრთხოების საკითხები. ეს ჩემი მოფიქრებული არ არის, საერთაშორისო სტანდარტია,“- აცხადებს გელა კვაშილავა.