„ექთნებს არ აქვთ ღირსეული ანაზღაურება, წლების შემდეგ ექთანი-მეანი საერთოდ აღარ გვეყოლება“

„ჩვენი ქვეყნიდან სამედიცინო პერსონალის გადინება გრძელდება. კადრების დეფიციტი ყველაზე მეტად არის საექთნო საქმეში. წლების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ აღარ გვეყოლება ექთანი-მეანი“,- ამის შესახებ ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ექთნების რაოდენობის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზეა, რაც დაბალი ანაზღაურებით და შრომის საფრთხისშემცველი პირობებით არის გამოწვეული. ამ ფონზე კი ქვეყანაში საექთნო საქმის შესწავლა მოთხოვნადი აღარაა.

„ამის მიზეზი პირველ რიგში არის დაბალი ანაზღაურება, ასევე ის, რომ სამუშაო გარემო არ არის უსაფრთხო. მათ რამდენიმე კლინიკაში უწევთ მუშაობა და შესაბამისად, რამდენიმე დამსაქმებელთან ურთიერთობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უდიდესი პასუხისმგებლობის ფონზე, ღირსეული ანაზღაურების არარსებობა, იწვევს იმას, რომ ამ დარგში მოთხოვნა არ არის. ეს განათლების სისტემის პრობლემაცაა, რადგან კადრების მომზადება, ფაქტობრივად, არ ხდება.

თუ სწავლობენ საექთნო საქმეს, ეს იმისთვის, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, წავიდნენ ევროპაში და იმუშაონ იქ ღირსეულ ანაზღაურებაზე. არავითარი წახალისება და სტიმული ჩვენთან არ არის. დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ, რატომ უნდა აიღოს პერსონალმა პაციენტის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა? უცხოეთიდან ჩამოსულ სტუდენტებში მოთხოვნა ძირითადად არის საექიმო საქმეზე და ისინი ექიმებად მზადდებიან, ამიტომ ექთნების დეფიციტი მათით ვერ შეივსება.

ჯანმოს რეკომენდაციით, ქვეყანაში ერთ ექიმზე ექთნების რაოდენობა უნდა იყოს 4. ჩვენთან ეს მაჩვენებელი არის 0,8. შესაბამისად, ეს კრიტიკული მაჩვენებელია. არის ევროპული ქვეყნები, სადაც ეს ციფრი მთლად 4 არ არის, მაგალითად გერმანიაში- 3,3-ია, ავსტრიაში არის 4,4 და სხვადასხვა მონაცემებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სეროზულად სავალალო მდგომარეობა“,- აღნიშნა ექიმთა უფლებების დამცველმა.

როგორც მან განმარტა, სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება პირველი და ძალიან მცირე ნაბიჯია იმ საქმეში, რაც კადრების დეფიციტთან ბრძოლას გულისხმობს. ბევრ შემთხვევაში კი დამსაქმებლებმა მინიმალური ანაზღაურების ზღვრის არსებობა დასაქმებულების წინააღმდეგ გამოიყენეს.

„კარგია, რომ სახელმწიფო შევიდა რეგულირებაში და წინ გადაიდგა პირველი ნაბიჯი, რაც მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესებას გულისხმობს. თუმცა, ეს ვერ აგვარებს, სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მდგომარეობას. რაც არ უნდა შევცვალოთ კანონი, ევროპული ანაზღაურება და ჩვენს ქვეყანაში ანაზღაურება სულ სხვაა.

კერძო დამსაქმებლები მედ პერსონალს სთავაზობენ გარკვეულ ანაზღაურებას, რითაც კანონი არ ირღვევა და მათ უბრალოდ უწევთ ამაზე დათანხმება. იყო ბევრი შემთხვევა, რომ კლინიკა სამედიცინო პერსონალს უხდიდა მეტს და მინიმალური ანაზღაურების დაწესების შემდეგ დამსაქმებელმა ხელფასი შეუმცირა. რადგან მათ კანონი არ ავალდებულებდა მეტს, პირიქით, დაწიეს ანაზღაურება.

სამედიცინო პერსონალს 2 და 3 კლინიკაში უწევს მუშაობა იმისთვის, რომ ნორმალური სახელფასო ანაზღაურება გამოუვიდეს. შესაბამისად, როცა მედპერსონალის პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ, რომელ შემთხვევაში უფრო მეტად შრომისუნარიანი იქნება კადრი, როცა 1 კლინიკაში ღირსეულ ანაზღაურებაზე იმუშავებს, თუ როდესაც 3 კლინიკაში უწევს სამუშაოს შესრულება?

თუ ვსაუბრობთ სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეულ სამუშაო პირობების შექმნაზე, მინიმალური ხელფასის განსაზღვრს უნდა მოჰყვეს რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას როგორც ანაზღაურების, ისე შრომის უსაფრთხო პირობების კუთხით“,- განაცხადა სალომე ლოლულამ.

მისი თქმით, აუცილებელია კანონით განისაზღვროს სამედიცინო პერსონალის უფლებები და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვის მექანიზმები.

„რაც შეეხება უსაფრთხო სამუშაო გარემოს, ზოგადად, მედპერსონალის უფლებები არ არის დაცული კანონით. არის სამედიცინო პერსონალის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხუოფის შემთხვევები, რაზეც სათანადო რეაგირება არ ხდება. კანონში წერია მხოლოდ პერსონალის ვალდებულებები და მოვალეობები და არ არის განსაზღვრული მათი უფლებები და ის, თუ როგორ უნდა იცავდეს სახელმწიფო მათ უფლებებს. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვქონდა დისკუსიები და იყო პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იურიდიულმა კომიტეტმა დაბლოკა. ეს იყო აკაკი ზოიძის საკანონმდებლო ინიციატივა და ვერ მოხერხდა მისი გატანა. შესაბამისად, კანონში სამედიცინო პერსონალის უფლებების შესახებ ჩანაწერი არ გვაქვს“,- აღნიშნა სალომე ლოლუამ.

ინფორმაციისთვის, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საქართველოში 2023 წლიდან დაწესდა. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792 ლარი) განისაზღვრა.

2024 წლის 1-ელი იანვრიდან სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა გაფართოვდა. სახელფასო ზღვარი შემდეგნაირად გამოიყურება: უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში - 5 ლარი), ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი), ბებია ქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი), სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი ).

ნათია ზარიძე