„საქართველოში მაღალმხარჯველი ჩინელი ტურისტები არ ჩამოდიან - ვინც ჩამოდის, გზის გაკვალვას თავად ცდილობს“

„ტრფიკ თრეველის“ დამფუძნებლის, ცოტნე ჯაფარიძის თქმით, საქართველოში არ ჩამოდიან მაღალმხარჯველი ჩინელი ტურისტები. მისი თქმით, ისინი კი, ვინც ჩამოდიან, თავად ცდილობენ გზის გაკვლევას და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ნაკლებად უკავშირდებიან.

„აზიელების სიმრავლე შესამჩნევია, განსაკუთრებით ჩინელების და განსაკუთრებით უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, მაგრამ ისინიც თავად ცდილობენ გზის გაკვლევას, თავისით ქირაობენ მანქანებს, თავისით ჯავშნიან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ნაკლებად გვიკავშირდებიან. არც დიდად ხარჯვით გამოირჩევიან საქართველოში, თუმცა ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ბრიტანეთიდან, სადაც მართლა ძალიან ბევრი ჩინელი იყო, რომლებიც მაღაზიებში მასიურად რიგებში დგანან. ფაქტია, რომ ჩვენთან არ ჩამოდის ფულის მხარჯველი სეგმენტი“, - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

მისი თქმით, კვლავ დიდი რაოდენობით არიან ქვეყანაში რუსი ტურისტებიც.

„ჩვენი კომპანია რუს ტურისტებს არ ემსახურება, მაგრამ ძველ თბილისში ვცხოვრობ და მთაწმინდაზე ათი გამვლელიდან რვა რუსია, ასე რომ, მათი სიმცირე მე პირადად, არ შემიმჩნევია. პირიქით, წინა დღეებში ლარსზე არსებული რიგების გათვალისწინებით, ალბათ, კიდევ უფრო მეტი შემოვა, მითუმეტეს, რომ მათ თითქმის არცერთი ქვეყანა აღარ იღებს, მხოლოდ ჩვენ ვართ, სადაც საბანკო ანგარიშისა და კომპანიის გახსნა შეუძლიათ, ამიტომ ჩვენ მათთვის ვართ ოაზისი და ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტის შემოსვლას უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ეკა დარჩიაშვილი