რუსეთმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა - ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა.
„2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთში კვლავ იმოქმედებს ბენზინის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა. ამის მთავარი მიზეზია, შენარჩუნდეს სტაბილური მდგომარეობა სანავთობო ბაზარზე მაღალი სეზონური მოთხოვნისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გეგმიური რემონტის პერიოდში“, - ნათქვამია მთავრობის ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეზღუდვა არ გავრცელდება, საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის ექსპორტირებული საწვავის მიწოდებაზე, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავზე - ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 2023 წლის 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გასულ წელსაც აიკრძალა, რათა საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასები დასტაბილურებულიყო.
რუსეთმა აკრძალვა მეორედ 2024 წლის 1-ელ მარტს აამოქმედა. განკარგულების თანახმად, აკრძალვა ძალაში 6 თვით უნდა ყოფილიყო, თუმცა 20 მაისს კვლავ მოხსნა შეზღუდვა და 1-ელ ივლისამდე გააგრძელა.
ბოლო დადგენილებით, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი 31 აგვისტოს ჩათვლით იყო აკრძალული, თუმცა დღეს გაირკვა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.