„ურბანული მობილობის დროს რაღაც გეგმა უნდა არსებობდეს,“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ბათუმში არსებულ საცობებს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავა.
როგორც კვაშილავა აღნიშნავს, ბათუმში არსებული საცობები, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ქუჩებსა და ქალაქის შესასვლელში, განპირობებულია ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნითა და მობილობით.
„ბათუმს თავისი მობილობის გეგმა ჰქონდა და არ ვიცი თუ დაამტკიცა. ზოგადად, ურბანული მობილობის დროს (ვიცით რომ ზაფხულში მეტი გადაადგილება და მოთხოვნაა) რაღაც გეგმა უნდა არსებობდეს. მსგავსი მობილობის დროს, რაღაცები უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საცობები ჩვეულებრივ რეჟიმში არ ხდება. უნდა მოხდეს ამის სწორად დაგეგმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უკეთესად დაგეგმილი, პარკინგის საკითხი უნდა იყოს მოგვარებული და ა.შ“, - ამბობს გელა კვაშილავა.
მისი თქმით, არამარტო ბათუმს, არამედ სხვა საკურორტო ადგილებსაც, სადაც კონკრეტულ სეზონებზე მოთხოვნა დიდია, უნდა გააჩნდეს სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა, რომლის საშუალებითაც ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირება განხორციელდება.
„ბევრი საკითხია, რაც ზაფხულში ასეთ ადგილებში, უნდა მოგვარდეს. ამისთვის უნდა არსებობდეს ტრანსპორტის გადაადგილების გეგმა, რომელიც მომატებული ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებას მოახდენს ისეთი პრინციპით, რომ აქცენტი გაკეთდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და იქნება ალტერნატიული გადაადგილების საშუალებები,“ - განაცხადა გელა კვაშილავამ.