Toyota Tundra პიკაპი,Toyota Sequoia და Toyota 4Runner - ასე გამოიყურება Top-3 ავტომობილი, რომლებიც iSeeCars-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო რეიტინგის მიხედვით, ყველაზე გამძლედ ითვლება. კვლევაში აღნიშნულია, რომ Toyota-ს აღნიშნული მოდელები, სავარაუდოდ, შეძლებენ 400 ათას კილომეტრზე მეტის გავლას ძირითადი შეკეთების გარეშე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ iSeeCars-ის ექსპერტებმა შეისწავლეს მანქანები, რომლებიც გაიყიდა 2012-დან 2023 წლამდე და შექმნეს რეიტინგი წელიწადში საშუალო გარბენის გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ, ალბათობა იმისა, რომ მანქანამ გაიაროს 400 ათასი კმ შეკეთების გარეშე, არის 8,6%. მაგრამ არის მანქანები, რომლებშიც ეს მაჩვენებელი სხვა მოდელებზე მეტია.
ამრიგად, რეიტინგში ლიდერი იყო Toyota Tundra პიკაპის სატვირთო მანქანა 36,6%-იანი მაჩვენებლით. შემდეგი მოდის Toyota Sequoia 36.4%-ით. მესამე ადგილს იკავებს Toyota 4Runner 26.8%-ით.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს აღნიშნული ავტომობილები საერთაშორისო ბაზარზე. ახალი Toyota Sequoia-ს ღირებულება 62 ათასი დოლარიდან იწყება; Toyota Tundra-ს - 42 ათასი დოლარიდან და Toyota 4Runner-ის - 40 ათასი დოლარიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ სამი მოდელიდან ყველაზე მეტი Toyota 4Runner-ი მოძრაობს. საქსტატის ავტომობილების სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ბოლო მონაცემებით, ამ მანქანების რაოდენობა 560 ერთეულს შეადგენს. 459 ერთეული Toyota Sequoia არის რეგისტრირებული, Toyota Tundra-ს რაოდენობა კი მხოლოდ 104 ერთეულს შეადგენს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ანალოგიურად, Toyota ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მარკად ითვლება საქართველოშიც. საქსტატის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 368 962 Toyota არის რეგისტრირებული, რაც მთლიანი ავტოპარკის 21.3%-ს შეადგენს. 2024 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 1 729 081 მანქანა მოძრაობს.