ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას განაგრძობს

ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ? ტრადიციული კულინარიული დღესასწაული, მუსიკის, მეგობრობის, ქართული კერძების და ღვინის ზეიმი - ეს ისეთივე უნიკალურია, როგორც ჟღერს და გამოიყურება! - წერს მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საკუთარ სოციალურ ქსელებში და ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული სუფრის შესახებ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯეიმი ოლივერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს გაზაფხულზე ეწვია.

„ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ის საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, ადგილობრივ შეფ-მზარეულებს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა და დააგემოვნა.

კულინარიის ვარსკვლავის ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.