დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1.902 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„საქსტატმა“ ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლიდან. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:
„2023 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.7 პროცენტი შეადგინა. 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 49 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 20.3 პროცენტით (386.3 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა გაერთიანებული სამეფო 19.2 პროცენტით (364.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - აშშ 9.6 პროცენტით (182.2 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 63.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 583.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 30.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 314.3 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 301.5 მლნ. აშშ დოლარით (15.9 პროცენტი),“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.