საქართველოში 6 თვეში 8 018 სატვირთოს იმპორტი განხორციელდა - სად და რამდენად ვყიდულობთ?

მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოში 8 018 სატვირთო ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. სატვირთოების საერთო ღირებულებამ 99.493 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სატვირთოების იმპორტი 34.4%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, გასული წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 73.976 მილიონი დოლარის ღირებულების 7 379 ერთეული ამ კატეგორიის ტრანსპორტი შეიძინა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი რაოდენობის - 2 259 ერთეული სატვირთო იმპორტირებულია გერმანიიდან. ღირებულების კუთხით კი ჩინეთი ლიდერობს, კერძოდ, აქედან ქვეყანამ 23.598 მილიონი დოლარის აღნიშნული ტრანსპორტი შეიძინა.

საანგარიშო პერიოდში TOP 10 უმსხვილესი საიმპორტო ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი - 23.598 მილიონი დოლარის 601 ერთეული;
  • გერმანია - 19.192 მლნ დოლარის 2 259 ერთეული;
  • თურქეთი - 17.616 მლნ დოლარის 357 ერთეული;
  • ნიდერლანდები - 7.152 მლნ დოლარის 1 193 ერთეული;
  • საფრანგეთი - 4.908 მლნ დოლარის 387 ერთეული;
  • პოლონეთი - 4.524 მლნ დოლარის 591 ერთეული;
  • ბელგია - 3.029 მლნ დოლარის 438 ერთეული;
  • ლიტვა - 2.892 მლნ დოლარის 60 ერთეული;
  • იაპონია - 2.823 მლნ დოლარის 977 ერთეული;
  • აშშ - 1.665 მლნ დოლარის 162 ერთეული.

რაც შეეხება ფასს, წელს საქართველოს ერთი სატვირთოს იმპორტი საშუალოდ 12 408 დოლარი უჯდებოდა, შარშან საანგარიშო პერიოდში კი 10 025 დოლარი.

შენიშვნა: მარკისა და მოდელის გათვალისწინებით, შესაძლოა, ერთი მანქანა უფრო ნაკლები ან მეტი დაჯდა.

მერი ტაბატაძე